Suzuki Swift to get more efficient Dualjet petrol
engine in 2015
11 სექტემბერი
„სუზუკი“ უახლესი, სერია დუალჯეტის 1.2-ლიტრიანი
ბენზინის ძრავს პირველად პოპულარულ ჰეჩბეკ „სვიფტზე“, მომავალი წლიდან გამოიყენებს.
იაპონური კომპანიის განმარტებით, ესაა ძალიან ეფექტური ძრავი, რომელიც გამონაბოლქვში
ნახშირორჟანგის მცირე შემცველობით გამოირჩევა.
სასტენდო ტესტებმა, რომელსაც „სუზუკის“ ბრიტანული
შტო ატარებს, გამოავლინა, რომ ამ ძრავით აღჭურვილი „სვიფტს“ ასი კილომეტრის
გასავლელად 3.58 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი
ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. შედარებისთვის, ძველი 1.2-ლიტრიანი
ძრავით აღჭურვილი „სვიფტი“ ას კილომეტრს 4.16 ლიტრი ბენზინით გადის, ატმოსფეროში
კი 116 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. საინტერესოა ისიც, რომ ახალი ძრავი ძველზე 4
ცხენის ძალით სუსტია და 90 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამასთან, 2-ით მეტ, 120 ნიუტონმეტრ
მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.
საწვავის ხარჯის და გამონაბოლქვის ასეთ მონაცემებს,
იაპონური კომპანიის ინჟინრებმა ძრავის რამდენიმე მოდიფიკაციით მიაღწიეს. პირველ
რიგში უნდა ითქვას, რომ წვის პროცესის გასაუმჯობესებლად, ყოველ ცილინდრს ორი
ფრქვევანა ემსახურება. ძრავის სერიის სახელიც - დუალჯეტი აქედან მოდის. თითოეულ
ცილინდრს ორი შემშვები და ორიც გამომშვები სარქველი ემსახურება.
ამგვარად, თითო შემშვებ და გამომშვებ სარქველს „თავისი
ფრქვევანა“ ემსახურება. ასეთი ინდივიდუალიზაციის წყალობით, საწვავი ნარევის უფრო
ეფექტური კონტროლი და გაფრქვევა ხდება, რაც საწვავის ენერგოტევადობის მაქსიმალურ
ათვისებას იწვევს. ამასთან, ყოველ შემშვებ სარქველზე თითო ფრქვევანის გამოყენება
იმის საშუალებას იძლევა, რომ ფრქვევანა სარქველთან ახლოს განლაგდეს, ამის წყალობით
კი, გაფრქვეული საწვავი უკეთ ერევა სარქველით შეშვებულ ჰაერის ნაკადს. რაც შეეხება
სხვა მოდიფიკაციებს, შეცვლილია წვის კამერის ფორმა, შემშვები არხები, და დგუშების
თავები, გამონაბოლქვი აირების რეცირკულაციის თხევადი გაგრილების სისტემა. ძრავის კუმშვის
ხარისხი 11.0:1-დან 12.0:1-მდე გაიზარდა.
No comments:
Post a Comment