Monday, September 8, 2014

„უილიამსმა“ ბოტასი და მასა მომავალი სეზონისთვისაც დაიტოვა

UPDATE 1-Motor racing-Williams confirm Bottas and Massa for 2015
8 სექტემბერი
მონცაზე რბოლის წინ, „უილიამსმა“ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონშიც მისი პილოტები ფელიპე მასა და ვალტერი ბოტასი იქნებიან. გუნდის ხელმძღვანელის როლის შემსრულებელმა კლერ უილიამსმა: „მათ სწორედ ის შეძლეს, რაც გვჭირდებოდა. ამიტომ, ეს იოლი გადაწყვეტილება იყო“.
მასა ბრიტანულ გუნდში ამ სეზონის წინ გადავიდა მას შემდეგ, რაც „ფერარიმ“ მის ადგილზე კიმი რაიკონენი მიიწვია, ბოტასი კი „უილიამსში“ უკვე მეხუთე სეზონს ატარებს, თუმცა რბოლებში მისი დებიუტი გასულ სეზონში შედგა. ფ1-ის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდისთვის ეს სეზონი, მოწინავეთა შორის დაბრუნების სეზონია და ამაში ორივე პილოტს მიუძღვის წვლილი. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს გამოცოცხლება მეტწილად „მერსედესის“ ძრავის დამსახურებაა.
იტალიური ეტაპის შემდეგ, „უილიამსმა“ კონსტრუქტორთა თასზე „ფერარი“ ჩამოიტოვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ფრენკ უილიამსის გუნდს ამჟამად 177 ქულა აქვს და 95 ქულით ჩამორჩება მეორეზე მყოფ „რედ ბულს“. თავის მხრივ კი 15 ქულას უგებს „ფერარის“. 25 წლის ბოტასს 122 ქულა აქვს და მეოთხე ადგილი უკავია. მას 44 ქულით უსწრებს დანიელ რიკარდო, ერთი ქულით კი ფერნანდო ალონსო ჩამორჩება, რომელმაც მონცაზე რბოლა ვერ დაასრულა. საინტერესოა, რომ ფინელმა ბოლო ხუთი რბოლიდან ოთხი კვარცხლბეკზე დაასრულა. რაც შეეხება მასას, რამდენიმე უიღბლო რბოლის გამო, მას ჯერ მხოლოდ 55 ქულას აქვს და მეცხრე ადგილზეა.
კონსტრუქტორთა თასზე გამრჯვებების მხრივ, „უილიამსი“ მეორე ყველაზე წარმატებული გუნდია ფ1-ში. მის ანგარიშზე 1980-1997 წლებში მოპოვებული ცხრა გუნდური ტიტულია. მაგრამ ბოლო წლებში პოზიციები დათმო. ბოლო გამარჯვება გუნდს პასტორ მალდონადომ 2012 წელს მოუპოვა. პილოტების ბოლო ტიტული კი ჟაკ ვილნევთან ერთად, 1997 წელს მოიპოვა.

No comments:

Post a Comment