Saturday, September 6, 2014

ჰამილტონი მონცას პოულზე

Motor racing-Hamilton beats Rosberg to Italian GP pole
6 სექტემბერი
ლუის ჰამილტონისთვის ეს მაისის შემდეგ პირველი პოულ პოზიციაა. ბოლოს მან რბოლა მოწინავე პოზიციიდან ესპანეთის დიდ პრიზზე დაიწყო. „სკაი სპორტის“ რეპორტაჟისას, ფ1-ის ყოფილმა პილოტმა მარტინ ბრანდლმა აღტაცებულმა განაცხადა, ეს ლუისის ერთ-ერთი საუკეთესო წრეა (გულისხმობს საკვალიფიკაციო წრეებს) ამ სეზონში, თუ საუკეთესო არაო.
პოული ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მონცას უსწრაფეს ტრეკზე ნაკლებად. აქ რბოლისას, პილოტებს გასწრების არაერთი შესაძლებლობა ეძლევათ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჰამილტონს რბოლის წინიდან დაწყება ერთ უპირატესობას აძლევს: საქმე ისაა, რომ მთელი სარბოლო უქმეების განმავლობაში, როსბერგის მანქანა მინიმალური ჩაჭიდების შესაბამისადაა დარეგულირებული. ამის შედეგი ისაა, რომ მას ყველაზე მაღალი მაქსიმალური სიჩქარე აქვს - 353.9 კმ/სთ.
ამიტომ, თუ ჰამილტონი პოულით მიღებულ უპირატესობას გამოიყენებს და პირველ მოსახვევში პირველი შევა, მაშინ როსბერგს მისი დაწევის მცირე შანსი ექნება, რადგან ბრიტანელს მოსახვევიდან გამოსვლისას უკეთესი სიჩქარე ექნება. და თუ როსბერგი შეასწრებს, ის სწორ მონაკვეთებზე შეძლებს იმ მარაგის შექმნას, რომლის გამოც, მოსახვევებში ჰამილტონს გასწრება გაუჭირდება. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ მარჩიელობაა, რადგან რბოლისას უამრავი დამატებითი ფაქტორი მოქმედებს ხოლმე. სწორედ ამას უსვამს ხაზს როსბერგი, რომელმაც ნარბოლევს განაცხადა, წინ გრძელი გზა გვაქვს და ყველაფერი შეიძლება მოხდესო.
სხვათა შორის, მესამე პრაქტიკაზე როსბერგის მანქანაზე ტრანსმისია გაჭირვეულდა, რის გამოც მან მხოლოდ სამი წრის გავლა მოახერხა, თუმცა სამივე დროის აღების გარეშე. თუმცა, კვალიფიკაციაში როსბერგს პრობლემის ნატამალიც არ შეტყობია. ყველაზე სწრაფი კი ისევ ჰამილტონი იყო, რომელმაც მესამე სექტორის დასაწყისშივე დააფიქსირა ის დრო, რომელმაც ამ სეზონში მეხუთე, კარიერაში კი 36-ე პოული მოაპოვებინა. ამგვარად, განვლილი 13 კვალიფიკაციიდან „მერსედესის“ პილოტებმა 12 მოიგეს და მეშვიდედ დაიკავებენ რბოლის სტარტზე მოწინავე რიგს.
აღსანიშნავია, რომ შემდეგ ორ რიგშიც „მერსედესის“ ძრავებით მოასპარეზე პილოტები დადგებიან. მეორე რიგი „უილიამსის“ პილოტების ნადავლია, მესამე კი - „მაკლარენისა“. მხოლოდ მეშვიდე დროს დასჯერდა ფერნანდო ალონსო, რომელიც „დანარჩენებში“ ჯერჯერობით საუკეთესოა. თუმცა, ეს „ფერარის“ ფანებისთვის სასიხარულო სულაც არაა - მათი ერთადერთი მიზანი და სურვილი გამარჯვებისთვის ბრძოლაა! და რაღა სალაპარაკოა კიმი რაიკონენის მე-12 ადგილი...

იტალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:24.109
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:24.383
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:24.697
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:24.865
5. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:25.314
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:25.379
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:25.430
8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:25.436
9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:25.709
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:25.944
- - - - - - - - - -
11. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:26.070
12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1:26.110
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:26.157
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:26.279
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:26.588
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:26.692
- - - - - - - - - -
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:27.520
18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:27.632
19. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:27.671
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:27.738
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:28.247
22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:28.562

No comments:

Post a Comment