Thursday, September 4, 2014

არი ვატანენი რუსეთის დიდი პრიზის ბოიკოტს მოითხოვს

Ari Vatanen has called for the Russian Grand Prix to be boycotted
4 სექტემბერი
რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ყოფილი ევროპარლამენტარი არი ვატანენი, ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონის ეტაპის, რუსეთის დიდი პრიზის ბოიკოტირებას ემხრობა და ამის საბაბად, უკრაინის კრიზისს და მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას ასახელებს. ის ამბობს, რომ FIA-ს პრეზიდენტი ჟან ტოდტი ამ მოსაზრებას იზიარებს.
ტოდტმა ახლახანს გაიზიარა ბერნი ეკლსტოუნის გამონათქვამი, რომ სპორტს და პოლიტიკას საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ვატანენი, ვინც FIA-ს პრეზიდენტის 2009 წლის არჩევნებზე ტოდტის მეტოქე იყო (ისე კი მათ ახლო ურთიერთობა აქვთ), ამბობს, რომ ტოდტს გარემოებებზე ანგარიშის გაწევა უწევს.
„რა თქმა უნდა, ჟანმა იცის ჩემი კომენტარების შესახებ. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ. ჩვენ მეგობრები ვართ. ის ნაწილობრივ იზიარებს ჩემს მოსაზრებას. ფაქტია, რომ ის ხელშებოჭილია. მე უფრო ღიად ლაპარაკის საშუალება მაქვს, ის კი ამ მხრივ გაცილებით შეზღუდულია, მანევრის საშუალება არ აქვს“, - „ტელეგრაფთან“ საუბრისას ამბობს ვატანენი.
ის დასძენს, რომ თუ სოჭში რბოლა გაიმართება, ეს პუტინის ქმედებებს წაახალისებს: „უნდა წავახალისოთ ის სისხლისღვრა, რომელსაც ეს რეჟიმი ხელს უწყობს? თუ უნდა მივანიშნოთ, რომ ეს არასწორია? თუ რბოლას ჩავატარებთ, ეს იქნება იმის მესიჯი, რომ ვეგუებით ამას. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ამას ვამართლებთ. შეიძლება არაპირდაპირ, მაგრამ რეალურად ასე იქნება. იმიტომ, რომ ამას პროპაგანდისთვის გამოიყენებენ“.
„ხშირად ამბობენ, რომ ფ1-ს პოლიტიკასთან შეხება არ აქვს, მაგრამ რუსული რეჟიმი თავად ურევს პოლიტიკას და სპორტს და ამას იმდენად დაუფარავად აკეთებს, რომ ამას უნდა ვუპასუხოთ. მაგრამ ბერნიზე და ფ1-ის მფლობელებზეა დამოკიდებული, გააუქმებენ თუ არა რუსეთში რბოლას“, - ამბობს ვატანენი და დასძენს: „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს უპრეცედენტო სიტუაციაა და ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ისტორიამ კარგად დაგვიმახსოვროს“.
რუსეთის დიდი პრიზი სოჭში 11-12 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

No comments:

Post a Comment