Thursday, September 4, 2014

„პეჟომ“ პარიზისთვის კონცეპტი „ექსალტი“ განაახლა

Peugeot Bringing Updated Exalt Concept to Paris Auto Show
4 სექტემბერი
ეს კონცეპტუალური ავტომობილი ახალი არაა - ფრანგულმა ლომმა ის პირველად პეკინის წლევანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა. პარიზში კი მის ოდნავ განსხვავებულ ფორმაში ვიხილავთ. ოღონდ, განსხვავება მხოლოდ ფერში იქნება, დანარჩენი კი ყველაფერი იგივე, რაც პეკინში იყო.
კონცეპტუალურ „ექსალტის“ მთავარი ნოვაცია, მისი ძარის უკანა ნაწილშია. ესაა მასალა, რომელსაც მწარმოებელი „ზვიგენის კანის“ სახელით გვაცნობს. ეს არის სპეციალურად შემუშავებული მასალა, რომლის საფუძველსაც ტექსტილი წარმოადგენს, ის კი მარცვლოვანი სტრუქტურითაა შევსებული. მწარმოებელი ირწმუნება, რომ ასეთი ზედაპირი აუმჯობესებს ავტომობილის აეროდინამიკას და ამცირებს საწვავის ხარჯს.
გარდა ამისა, ავტომობილს აქვს აეროდინამიკური ფორმის გარე სარკეები, დაბორცვილი სახურავი, რომელიც ჰაერის ნაკადის მოწესრიგებას ემსახურება და უკან ბამპერის სტრუქტურაში მოთავსებული ჰაერის ექსტრაქტორები, რომელთა დანიშნულებასაც „პეჟო“ არ აზუსტებს. ავტომობილს გვერდებზე აქვს ამონატვიფრები, რომლებიც ასევე ჰაერის ნაკადის მოწესრიგებას ემსახურება.
შეიცვალა ინტერიერის გაფორმება. აზიური მუქი ფონი შეიცვალა ეგრეთ წოდებული საგაზეთო ხით, რომელიც სწორედ გაზეთის გადამუშავებული ფურცლებისგან დამზადდა. ავტომობილს მოჰყვება დასაკეცი ელექტრული სკუტერი, რომელიც საბარგულის ქვეშ, სპეციალურ სეგმენტში თავსდება. კიდევ ერთი საინტერესო სიახლეა ინტერიერის ჰაერის გამწმენდი სისტემა „პუარ ბლიუ“, რომელიც ჰაერიდან ბაქტერიციდებს და ფუნგიციდებს აშორებს. ეს მხოლოდ იმ დროს ხდება, როცა მანქანა გაჩერებულია და ინტერიერში არავინაა. როცა ავტომობილი მოძრაობას იწყებს, სისტემის ფილტრი ჰაერს მანამ წმენდს, სანამ ის სალონში მოხვდება.
რაც შეეხება აგრეგატს, „პეჟომ“ ის უცვლელად დატოვა. ცნობისათვის, პეკინში წარდგენილი კონცეპტი აღჭურვილია „ჰაიბრიდ4“ ძალური დანადგარით, რომელშიც ბენზინის 1.6-ლიტრიანი THP ტურბო ძრავი (270 ცხენის ძალა) და ელექტროძრავი შედის. ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 340 ცხენის ძალას აღწევს.

No comments:

Post a Comment