Sunday, September 28, 2014

„იაგუარ ლენდ როვერი“ ქალაქელ მყიდველს საზრიანი ავტომობილებით მიიზიდავს

Jaguar Land Rover developing a smarter car to woo city dwellers
28 სექტემბერი
იმ დროს, როდესაც ევროპის ბაზარზე სულ უფრო იზრდება ქალაქში მცხოვრებ ისეთ მყიდველთა რიცხვი, რომლებსაც ავტომობილზე მეტად სმარტფონები აინტერესებთ, „იაგუარ ლენდ როვერს“ აქცენტი მყიდველისთვის სწორედ ეგრეთ წოდებული საზრიანი ავტომობილების შეთავაზებაზე გადააქვს, რომლებიც კავშირის უახლესი საშუალებებით და სმარტფონებთან თავსებადი მულტიმედიური სისტემებით აღიჭურვება.
„იაგუარ ლენდ როვერი“ გეგმავს, რომ პროექტს, სახელწოდებით „სმარტ ესისტანტ“, ორ წელიწადში სრულად აამოქმედებს. ოღონდ, ეს ეტაპობრივად მოხდება. ამ პროექტის დახმარებით, ბრიტანული კომპანია იმ ტენდენციის შეცვლას აპირებს, რომელიც ევროპის დიდ ქალაქებში ავტომფლობელთა რიცხვის შემცირებაში გამოიხატება
საყურადღებო ფაქტი: როგორც კომპანია „ევრომონიტორ ინტერნეიშნლის“ გამოკვლევა აჩვენებს, 2005 წლის შემდეგ, ყოველ 1000 მოსახლეზე ავტომფლობელთა რიცხვი პარიზში 9 პროცენტით შემცირდა, ლონდონში 8 პროცენტით, მიუნხენში კი, რომელიც „ბეემვეს“ საშინაო ქალაქია, - 16 პროცენტით. ბევრი გამოკითხული ხაზს უსვამს, რომ დიდი ქალაქების გადატვირთულ ქუჩებში გადაადგილება დროის უაზრო კარგვაა და მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფული კავშირის თანამედროვე საშუალებებში ხარჯონ.
„იაგუარ ლენდ როვერის“ კვლევის ცენტრის შეფი ენტონი ჰარპერი ამბობს, რომ მისი კომპანია პროექტ „სმარტ ესისტანტს“ ეტაპობრივად, 24 თვის განმავლობაში განახორციელებს. ეს ნიშნავს, რომ პროექტით გათვალისწინებული ყველა ფუნქცია და სისტემა დაუყოვნებლივ არ იქნება ხელმისაწვდომი. ცალკეულ სისტემებს ბრიტანული კომპანია ეტაპობრივად წარმოადგენს და ამ ყველაფერს, ხანგრძლივი სარეკლამო კამპანია დასჭირდება.
ჰარპერი ამბობს, რომ პროექტის სრულად ამოქმედების შემდეგ, ავტომობილს მის მფლობელთან მუდმივი კავშირი ექნება და მისი ერთგვარი მდივნის, ან თუ გნებავთ, კონსულტანტის როლსაც კი შეასრულებს. ეს კი მისი სისტემების და სმარტფონების დახმარებით მოხდება. სისტემაში ჩართული იქნება კამერები, რომელთა დახმარებითაც ის მფლობელის სახის შორიდანვე ამოცნობას შეძლებს. სმარტფონის დახმარებით, ავტომობილს და მძღოლს მუდმივი კავშირი ექნებათ და მძღოლის მიახლოებისთანავე, სისტემა ინტერიერში სასურველ ატმოსფეროს დაამყარებს. ამასთან, მართვის ადგილს შესაბამისად მომართავს. ჰარპერი ამბობს, რომ მისი კომპანია ახალი სისტემით კონკურენციას „მერსედეს-ბენცს“ და „ფორდს“ გაუწევს.
კამერებს, ინფრაწითელ და ულტრაბგერით სენსორებს ავტომწარმოებლები უკვე იყენებენ უსაფრთხოების სისტემებში. მაგალითად, ისინი გაფრთხილებას იძლევიან სამოძრაო ზოლიდან გადასვლისას, ან მძღოლისთვის უხილავ სივრცეში სახიფათო სიტუაციის წარმოქმნისას. „მერსედესმა“ ასეთი სენსორების გამოყენებით შეიმუშავა სისტემა, რომელიც საცობებში დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, ავტომობილის მართვას საკუტარ თავზე იღებს. მალე მსგავს სისტემას „აუდიც“ შექმნის და ამ ტენდენციას არც „იაგუარ ლენდ როვერი“ ჩამორჩება.

No comments:

Post a Comment