Thursday, September 11, 2014

დი მონტეძემოლო სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

Now Montezemolo exit rocks crisis-struck Ferrari
11 სექტემბერი
„ფიატ კრაისლერი“ „ფერარის“ ყოფილ პრეზიდენტ ლუკა დი მონტეძემოლოს კომპენსაციის სახით 26.95 მილიონ ევროს გადაუხდის. ოღონდ, სანაცვლოდ მას იტალიურ-ამერიკული კომპანიის კონკურენტ კომპანიაში მუშაობა 2017 წლის მარტამდე ეკრძალება. აღნიშნული თანხიდან, „ფიატ კრაისლერი“ დი მონტეძემოლოს ანგარიშზე თითქმის ნახევარს - 13.25 მილიონ ევროს, 2015 წლის 31 იანვრამდე ჩაურიცხავს. დანარჩენ 13.71 მილიონს, რაც ხუთჯერ აღემატება 67 წლის დი მონტეძემოლოს ხელფასს, კი ოცი წლის განმავლობაში გადაუხდის.

დი მონტეძემოლომ „ფერარის“ დატოვების შესახებ გუშინ გვამცნო. იტალიურ პრესასთან საუბრისას, მან ამის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ მალე „ფიატ კრაისლერი“ (ფერარი მისი კუთვნილებაა) თავის აქციებს ნუ იორკის საფონდო ბირჟაზე გაიტანს, რაც მისი მთავარი აღმასრულებლის, სერჯო მარკიონეს ინიციატივაა. ჯერჯერობით სწორედ მარკიონე ჩაუდგება სათავეში „ფერარის“, რომელიც ფორმულა ერთში, ამ საუკუნეში თავის ყველაზე წარუმატებელ სეზონს ატარებს.
„ფიატს“ „ფერარის“ აქციების 90 პროცენტი ეკუთვნის. დანარჩენი 10 პროცენტი, ენცო ფერარის შვილის, პიერო ფერარის კუთვნილებაა. აღსანიშნავია, რომ დი მონტეძემოლო „ფერარის“ პრეზიდენტად „ფიატის“ ყოფილმა შეფმა, ჯოვანი ანიელიმ დანიშნა. ლუკამ არამარტო ფ1-ის გუნდი დაუბრუნა დიდების მწვერვალებს, არამედ კომპანიის საქმიანობაც არნახულ მოგებაზე გაიყვანა.
როგორც იტალიური პრესა წერს, დი მონტეძემოლო მალე სათავეში ჩაუდგება ავიაგადამყვან კომპანია „ალიტალიას“, რომლის უმსხვილესი აქციონერიც ახლახანს არაბული კომპანია „ეტიჰად ეარუეიზი“ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორ ავიაგიგანტს შორის გარიგების ბროკერი სწორედ დი მონტეძემოლო იყო. ასევე ცნობილია, რომ დი მონტეძემოლოს მაღალი თანამდებობები უკავია კომპანიებში: „უნიკრედიტი“, „ოქტო ტელემატიკსი“ და „ტელეთონი“.
აი, როგორ შეაფასა „ფერარიდან“დი მონტეძემოლოს წასვლა ფ1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელმა ბერნი ეკლსტოუნმა: „მისი წასვლა ჩემთვის იგივეა, რაც ენცოს სიკვდილი. ლუკა თავად გახდა ფერარი. როცა მას ხედავ, მაშინ ფერარისაც ხედავ“. განსხვავებული მოსაზრება აქვს FIA-ს ყოფილ პრეზიდენტ მაქს მოსლის, ვინც თვლის, რომ ჟან ტოდტის წასვლის შემდეგ, „ფერარიმ“ ბევრი რამ დაკარგა და თუ კომპანიას საქმის შველა სურს, კიდევ ერთი შესანიშნავი მენეჯერი უნდა მოძებნოს.
მარკიონე ამბობს: „მონტეძემოლომ მითხრა, რომ ჩვენ ეკლსტოუნთან გვაქვს ხელშეკრულება, რომელიც ფ1-ში დარჩენას 2020 წლამდე გვავალდებულებს, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ეს ურთიერთობა გაცილებით დიდხანს გაგრძელდება. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ამ კონტრაქტს 120 წლით დავდებდი“. ჩავთვალოთ, რომ „ფერარის“ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას, მისი მთავარი ამოცანა, გუნდის კრიზისიდან გამოყვანა იქნება...

No comments:

Post a Comment