Tuesday, September 30, 2014

„ფორდის“ მიზანი - წლიურად 9.4 მილიონი ავტომობილი

Ford sets goal of 9.4M global sales by 2020, cuts profit outlook for '14
30 სექტემბერი
„ფორდ მოტორი“ 2020 წლამდე პერიოდში საკუთარი გაყიდვების 52 პროცენტით, 9.4 მილიონამდე გაზრდას აპირებს. ამ მიზნის მიღწევაში კი მას სწრაფად მზარდ აზიურ ბაზარზე გააქტიურება უნდა დაეხმაროს. გარდა ამისა, ცისფერი ოვალი ინვესტიციებს არ იშურებს იმისათვის, რომ სტაგნაციაში მყოფი თავისი პრემიუმ ბრენდი, „ლინკოლნი“ გამოაცოცხლოს და გერმანული პრემიუმ კომპანიების სრულფასოვან კონკურენტად აქციოს. და რა თქმა უნდა, ამ ამბიციური გეგმის შესრულება, პატარა და უგზოობის ავტომობილების გაყიდვების გაზრდის გარეშე ძალიან ძნელი იქნება.
გაყიდვების გაზრდის გარდა, „ფორდი“ თავისი ავტომობილების ტექნოლოგიურ განვითარებასაც აპირებს. ამ მიმართულებით, მთავარი ნაბიჯი ალუმინის და სხვა მსუბუქი მასალების ინტენსიურად ათვისებაა, რისი წყალობითაც, ავტომობილების წონის და მასთან ერთად, საწვავის და გამონაბოლქვის შემცირება გახდება შესაძებელი. ამ მხრივ, პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - ცისფერმა ოვალმა ახალი F-სერიის პიკაპებში მეტწილად სწორედ მსუბუქი მეტალი გამოიყენა.
რაც მთავარია, როგორც კომპანიის ახალი მთავარი აღმასრულებელი მარკ ფილდსი ამბობს, კვლავ გაგრძელდება „ერთი ფორდის“ პოლიტიკა, რომელიც ჯერ კიდევ მისმა წინამორბედმა, ალან მიულალიმ წამოიწყო. ამ პოლიტიკის მიზანს, ყველა მოდელის გლობალურ ბაზარზე გატანა წარმოადგენს. მისი თქმით, „ფორდი“ მზარდი კომპანიაა და მთავარი მიზანი ისაა, რომ ზრდის ტემპი უფრო გაიზარდოს.
მთავარ, ჩრდილოამერიკულ ბაზარზე, წლიური გაყიდვები შარშანდელი 2.9 მილიონიდან 3.5 მილიონამდე, ანუ 21 პროცენტით უნდა გაიზარდოს. ცოტა არ არის, თუმცა ექვს წელზე გადაანგარიშებით, წლიური მატება 3.5 პროცენტია. როგორც „ფორდ ამერიკას“ პრეზიდენტი ჯოი ჰინრიხსი ამბობს, ამავე პერიოდში ამერიკაში გაყიდვები 17-18 მილიონს შორის მოექცევა. გარდა ამისა, გაიზრდება მოგების მარჟა, რომელიც ახლა 8 პროცენტია, 2020 წლამდე კი 10 პროცენტს უნდა მიაღწიოს.
გაყიდვების დაგეგმილი მატების დაახლოებით ნახევარი, ინდუსტრიის ზრდაზეა გათვლილი. დანარჩენი ნახევარი კი განვითარებად ქვეყნებში გააქტიურებაზე და კონკურენტებისგან მყიდველთა გადაბირებაზეა დამოკიდებული. ბოლო ფაქტორი სწორედ ტექნოლოგიურ განვითარებას საჭიროებს. ამის მაგალითად კი ცისფერ ოვალს F-150 პიკაპის ალუმინიზაცია და თავისი ავტომობილების უახლესი ელექტრონული სისტემებით აღჭურვა გამოადგება.
„ფორდის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ევროპაში გაყიდვების და ბიზნესის გაუმჯობესების მიუხედავად, ძველ კონტინენტზე ამერიკული კომპანია მაინც 1.2 მილიარდ დოლარს იზარალებს, მომავალ წელს კი ზარალი 250 მილიონამდე შემცირდება. სამაგიეროდ, აზიაში და წყნარი ოკეანის რეგონში, მოგება 700 მილიონ დოლარს მიაღწევს. და ამ მოგებას თითქმის მთლიანად ჩინური ბაზარი მოუტანს.
საერთო ჯამში, ფილდსმა თავის კომპანიას ხუთი ძირითადი მიზანი დაუსახა:
1. „ფორდი“ გაყიდვებით უნდა შედიოდეს მსოფლიოს ხუთი უდიდესი კომპანიის სიაში;
2. უნდა დაბალანსდეს მოგება რეგიონებსა და სამოდელო სეგმენტებს შორის;
3. მოგების მარჟა 8-დან მინიმუმ 9 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს;
4. აქციონერთა მოგების მაჩვენებლით, „ფორდი“ ავტოკომპანიების მოწინავე ოთხეულში უნდა შედიოდეს;
5. მტკიცე რეპუტაცია - ფილდსი ამბობს: „ჩვენ გვინდა, რომ ყველა აქციონერი გვაფასებდეს“.

No comments:

Post a Comment