Wednesday, September 3, 2014

„სუზუკიმ“ მე-4 მილიონი „სვიფტი“ გაჰყიდა

Suzuki Swift Passes 4 Million Sales
3 სექტემბერი
„სუზუკის“ გამაში სუბკომპაქტური ჰეჩბეკი „სვიფტი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილია. მიუხედავად იმისა, რომ მესამე თაობის ჰეჩბეკი უკვე საკმაოდ მოძველდა, ბაზარზე ის მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც იაპონური კომპანიის ბრიტანულმა ოფისმა გამოაცხადა, ახლახანს მე-4 მილიონე „სვიფტის“ გაყიდვა დაფიქსირდა. უფრო საინტერესო კი ისაა, რომ მეოთხე მილიონის გაყიდვას „სუზუკიმ“ სულ რაღაც, რვა თვე მოანდომა.
იაპონური კომპანია ამ ავტომობილს 2000 წლიდან აწარმოებს, ოღონდ მას თავიდან „იგნისი“ ერქვა. სახელი „სვიფტი“ კომპანიის გამაში 2004 წელს გამოჩნდა, როცა პატარა ჰეჩბეკის მეორე თაობა გამოვიდა. ის ბაზარზე 2010 წლამდე დარჩა, მერე კი მესამე თაობის, ახლანდელი „სვიფტით“ შეიცვალა. დროთა განმავლობაში, ამ ავტომობილის წარმოებას სულ უფრო მეტ ქვეყანაში იწყებდნენ. განსაკუთრებული პოპულარობით კი ის ინდოეთში სარგებლობს.
იაპონიის შემდეგ, „სვიფტის“ წარმოება 2005 წელს უნგრეთში, ინდოეთსა და ჩინეთშიც დაიწყეს, 2007 წელს წარმოება მალაიზიამაც აითვისა, 2009 წელს პაკისტანმა, 2012 წელს ტაილანდმა, სულ ახლახანს კი „სვიფტის“ წარმოების ფერხულში ვიეტნამიც ჩაება. მაგრამ მსოფლიო გაყიდვების დაახლოებით ნახევარი, ინდურ ბაზარზე მოდის, სადაც მის პოპულარობას, ხელმისაწვდომობას და პატარა, ეკონომიური ძრავები განაპირობებს. განსაკუთრებით კი ის ახალგაზრდა თაობის მყიდველს იზიდავს. რა თქმა უნდა, „სვიფტი“ იაპონიაშიც სოლიდური რაოდენობით იყიდება - ამ პატარა ჰეჩბეკის მსოფლიო გაყიდვების 11 პროცენტი სწორედ შინაურ ბაზარზე მოდის.
ავტომობილის პოპულარობას ასევე მისი ხშირი განახლებები განაპირობებს. განსაკუთრებით ეს მის ევროპულ გაყიდვებს ახალისებს. მაგალითად, მას მორიგი, მსუბუქი განახლება შარშან ჩაუტარდა. ამასთან, მყიდველს ახალი ვარიანტებიც შესთავაზეს. განახლების შემდეგ, ყველაზე დიდი სიახლე შუქდიოდური ფარები გახდა. თუმცა იმავდროულად, გაიზარდა სტანდარტული ეკიპირების პაკეტი.

No comments:

Post a Comment