Motor racing-Formula One Singapore Grand Prix
qualifying
20 სექტემბერი
ლუის ჰამილტონი ისევ პირველია. ამჯერად სინგაპურის
დიდი პრიზის კვალიფიკაციის პოულ პოზიციას დაეუფლა. მან მხოლოდ 0.007 წამით აჯობა
თანაგუნდელსა და ჩემპიონატის ლიდერ ნიკო როსბერგს. შორს არც მესამე ადგილზე მყოფი
დანიელ რიკარდოა, რომელიც ჰამილტონს 0.173 წამით ჩამორჩა. თავის მხრივ,
ავსტრალიელმა მხოლოდ 0.048 წამით აჯობა თავის თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს.
ამგვარად, სასტარტო ველზე პირველ ორ რიგში „მერსედესის“
და „რედ ბულის“ პილოტები დადგებიან. სამქიმიანებისთვის ეს ამ სეზონში მეშვიდე
შემთხვევაა, როცა წინა რიგს დაიკავებენ. სხვათა შორის, ახლოს არიან „ფერარის“
პილოტები, რომლებიც მესამე და მეოთხე რიგში, „უილიამსის“ პილოტების გვერდით
განლაგდებიან. მეხუთე დრო ფერნანდო ალონსოს აქვს, რომელიც ფეტელს 0.005 წამით
ჩამორჩა. სხვათა შორის, ალონსოს მესამე პრაქტიკაზეც საუკეთესო დრო ჰქონდა.
ალონსოს ოდნავ ჩამორჩა ფელიპე მასა, რომელმაც
კვალიფიკაციის ბოლოსღა შეძლო თავისი „უილიამსისგან“ მაქსიმუმის გამოწურვა. არადა,
ბრიტანული გუნდის პილოტები სინგაპურის ქუჩაში სიჩქარის ნაკლებობას უჩიოდნენ. მათ
უკან კიმი რაიკონენი და ვალტერი ბოტასი განლაგდებიან. რაიკონენს იმის რეალური
შანსი ჰქონდა, რომ „მერსედესებს“ შორის ჩამდგარიყო, მაგრამ მექანიკურმა პრობლემამ
ამის საშუალება არ მისცა.
ჰამილტონისთვის ეს ამ სეზონში მოპოვებული მეექვსე
პოულია, კარიერაში კი 37-ჯერ იდგა მოწინავე პოზიციაზე. ბოლო ცდაზე მან პირველივე
მოსახვევში გავლისას, აპექსში შეცდომა დაუშვა და ისე ჩანდა, რომ დროს ვერ
გააუმჯობესებდა. მაგრამ მან როგორღაც შეძლო დაკარგული დროის კომპენსირება.
საინტერესოა, რომ მოწინავე ექვსეული მხოლოდ 0.3 წამმა დააშორა.
„პირველ
მოსახვევში ბორბლები დავბლოკე და ბევრი დროც დავკარგე. მაგრამ მთავარია, რომ
ტრასაზე დავრჩი და ტემპსაც მოვუმატე. ძალიან საინტერესო რბოლა გველის. აქ
საბურავების გაფრთხილება ძნელი იქნება. ვფიქრობ, მაყურებელს დაძაბულ პაექრობას
ვუჩვენებთ“, - ამბობს 2008 წლის ჩემპიონი.
სინგაპურის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:45.681
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:45.688
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:45.854
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:45.902
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:45.907
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:46.000
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:46.170
8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:46.187
9. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:46.250
10. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:47.362
- - - - - - - - - -
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:46.943
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:46.989
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:47.308
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:47.333
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:47.575
16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:47.812
- - - - - - - - - -
17. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 1:48.324
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:49.063
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:49.440
20. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი) 1:50.405
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1:50.473
22.
მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი) 1:52.287
No comments:
Post a Comment