Saturday, August 2, 2014

„რეინჯ როვერ სპორტ SVR ნურბურგრინგის რეკორდსმენი გახდა

Range Rover Sport SVR Becomes Fastest SUV around the Nürburgring with 8:14 Lap
2 აგვისტო
„რეინჯ როვერ სპორტმა“ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, ამჯერად ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე. ამ ავტომობილის ვერსია SVR-მ, რომლის საჭესთანაც ბრიტანული კომპანიის ტესტ პილოტი იჯდა, ერთი წრე 8 წუთსა და 14 წამში გაიარა. ეს ვერსია აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი მექანიკურ დამჭირხნიანი V8 ძრავით, რომელიც მოდიფიკაციის შემდეგ, სტანდარტულზე 40 ცხენის ძალით მეტს, 550 ცხენის ძალას ავითარებს.
„ნურბურგრინგი ავტომობილის სრულყოფის და ტესტებისთვის ნამდვილი ეტალონია. აქ ავტომობილები უფრო გამძლე და ძლიერი ხდებიან და სისწრაფესაც უმატებენ. აქაური 13 მილი და 70-ზე მეტი მოსახვევი ამისთვისაა. ჩვენ გვინდოდა გვენახა, ასეთ გამომწვევ გარემოში, უგზოობის ავტომობილსაც შეუძლია თუ არა სპორტული ავტომობილივით ნავარდი. შედეგები მრავლის მეტყველია და ჩვენმა „რეინჯ როვერ სპორტ SVR-მ“ შესანიშნავი შესაძლებლობები გამოავლინა“, - ამბობს „ლენდ როვერის“ მთავარი ინჟინერი მაიკ ქროსი.
ნურბურგრინგის რეკორდსმენი ავტომობილი, „იაგუარ ლენდ როვერის“ „სპეციალური ავტომობილების ოპერაციების“ გუნდს მიერაა შემუშავებული, რომელმაც ახლახანს დაიწყო ფუნქციონირება. „რეინჯ როვერ სპორტ SVR“ არის ყველაზე სპორტული ავტომობილი, რომელიც კი ოდესმე „რეინჯ როვერის“ სახელით შექმნილა. როგორც მწარმოებელი ამბობს, ასეთ შედეგს ინჟინრებმა ისე მიაღწიეს, რომ ავტომობილის კომფორტულობა და ყველგანმავლის თვისებები არ დაკარგულა.
როგორც „იაგუარ ლენდ როვერი“ იუწყება, რეკორდული გარბენი სერიული ავტომობილით შესრულდა, როგორიც კომპანიის შოურუმებში მომავალი წლიდან გამოჩნდება. ისევე როგორც ნურბურგრინგზე, „რეინჯ როვერ სპორტ SVR“ გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზეც, სადაც მისი პრემიერა შედგა, შენიღბულ ფორმაში გამოვიდა. ჯერ მისი დინამიკური მახასიათებლები არ გამოქვეყნებულა, თუმცა არაოფიცალური მონაცემებით, მას ადგილიდან ასის ასაკრეფად 4.5 წამი ჰყოფნის.
საინტერესოა, რომ წინა რეკორდი BMW X6-ს ეკუთვნოდა, რომელმაც 2009 წელს წრის გავლას 8 წუთი და 24 წამი მოანდომა. არაოფიციალური ინფორმაციით, ახლახანს ნურბურგრინგზე ბედ „პორშე მაკან ტურბომაც“ სცადა და წრე 8 წუთსა და 15 წამში გაიარა, თუმცა რატომღაც გერმანულ კომპანიას ეს ოფიციალურად არ გამოუცხადებია.

No comments:

Post a Comment