Friday, August 22, 2014

„ტოიოტა FT-1 ვიჟნ გრან ტურიზმო“ვირტუალური სამყაროსთვის

Toyota reveals racing FT-1 Vision Gran Turismo concept
22 აგვისტო
ამ ავტომობილს უკვე მომავალ „სუპრად“ მოიხსენიებენ. ის უკვე ძალიან პოპულარულია. არა იმიტომ, რომ „სუპრას“ ფანებს, ძალიან მოეწონათ, არამედ იმიტომ, რომ მას მისი სახით, „ტოიოტამ“ ნამდვილი სენსაცია შექმნა. ეს მომავალი პატარა სუპერ ავტომობილია, რომელშიც დიდი ალბათობით, „ბეემვესგან“ გაზიარებულ ტექნოლოგიებსაც გამოიყენებენ. და ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ მალე „ტოიოტა FT-1“ ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმოს“ პერსონაჟიც გახდება.
თავისი მომავალი საიმიჯო ავტომობილის ვირტუალური სარბოლო ვერსია, სახელად „FT-1 ვიჟნ გრან ტურიზმო“, იაპონურმა კომპანიამ პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე წარადგინა. ავტომობილი განსხვავებული აეროდინამიკით გამოირჩევა და რა თქმა უნდა, მისი დანიშნულება, ვირტუალურ სამყაროში „ტოიოტასთვის“ მილიონობით ფანის შეძენაა. პებლ ბიჩშივე, „ტოიოტამ“ სრულმასშტაბიანი კონცეპტიც წარადგინა, რომელიც დეტროიტში ნაჩვენები კონცეპტისგან მინიმალურად განსხვავდება.
ვირტუალური ავტომობილი უხვად აღიჭურვა სარბოლო დანიშნულების აეროდინამიკური ელემენტებით. მაგალითად, წინ მას დიდი ზომის სპლიტერი ამშვენებს. ბორბლების თაღები სავენტილაციო ჭრილებითაა, ავტომობილის ცხვირით ორად გაყოფილი რადიატორი ძლიერი ვენტილატორებით აღიჭურვა. ავტომობილს გვერდზე ზორბა ზღურბლი გასდევს, უკან კი მას დიდი ზომის ანტი ფრთა და დიფუზორი ამშვენებს. ამ ყველაფრის წყალობით, ვირტუალური ავტომობილი ნამდვილ ელეგანტურ საფრთხობელად იქცა. ყოველ შემთხვევაში, აგრესია აშკარად მოემატა.
„ტოიოტა“ არაფერს ამბობს ვირტუალური ავტომობილის აღჭურვილობაზე. არსებული ვარაუდით, ის შიდაწვის ძრავით აღიჭურვება, რომელიც თავისი გარეგნობის შესაფერისი ცხენის ძალებით მოხიბლავს სათამაშო რბოლების მოყვარულთ. რაც შეეხება სერიულ ავტომობილს, რომელიც ალბათ „სუპრას“ სახელით მოევლინება ბაზარს, დიდი ალბათობით, ის ჰიბრიდულ აგრეგატს მიიღებს. რა თქმა უნდა, ავტომობილის სტრუქტურაში უხვად გამოიყენებენ კარბონის კომპოზიტს და ალუმინს.

ვირტუალური „FT-1 ვიჟნ გრან ტურიზმო“ ვიდეოთამაშის მოყვარულთათვის სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

No comments:

Post a Comment