Sunday, August 31, 2014

„სუზუკი“ მალე სედან „ჩიააზს“ სერიულად გამოუშვებს

Suzuki Ciaz Concept (India-bound Maruti Ciaz)
31 აგვისტო
„ჩიააზი“ (Ciaz) ჰქვია კონცეპტუალურ სედანს, რომელსაც „სუზუკი“ წლის დასაწყისიდან, გამოფენიდან გამოფენაზე ატარებს. ეს ძირითადად აზიის ქვეყნებში ხდება. ყველაფერი კი ნიუ დელის ავტო ექსპოთი დაიწყო, რადგან პირველ რიგში, ის ინდური ბაზრისთვისაა განკუთვნილი. მოგვიანებით კი ჩინეთს ეწვია, სადაც სერიული „ალივიოს“ სახელით წარსდგა. „ჩიააზმა“ ბაზარზე სედან SX4-ის ადგილი უნდა დაიკავოს, რომლის წარმოებაც მიგვიანებით შეწყდება.
„ჩიააზი“ კომპაქტური სედანია და ის შარშან, ჩინეთში წარდგენილი კონცეპტუალური „აუთენტიკსის“ განვითარებაა. გრძელი ბაზა და დაბალი სახურავი, მის სპორტულ მიდრეკილებებზე მიგვითითებს, თუმცა ეს მხოლოდ გარეგნული ეფექტია, რადგან ავტომობილი, C სეგმენტის შესაფერისი, მცირელიტრაჟიანი ძრავების გამას მიიღებს, რომელთა მთავარი დანიშნულებაც, საწვავის ეკონომიური მოხმარებაა.
კონცეპტუალური „ჩიააზი“ საკმაოდ აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა და სავარაუდოდ, კონვეიერზე დადგომამდე ძალიან ცოტათი შეიცვლება. ავტომობილი SX4-ზე ზორბაა, თუმცა როგორც ითქვა, უფრო დაბალი სახურავი აქვს. ის მოდელ „ერტიგას“ პლატფორმას ეყრდნობა, რომელიც იაპონურმა კომპანიამ ჰეჩბეკ „სვიფტის“ პლატფორმის ბაზაზე შეიმუშავა.
სედანი ბენზინის და დიზელის ძრავებით აღიჭურვება. ბენზინის ძრავი (სერია K) 1.4-ლიტრიანია და 93 ცხენის ძალას და 130 ნიუტონმეტრს იძლევა. საბაზო ვერსიებზე, ძრავთან 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი იმუშავებს, ტოპ ვერსიაზე კი მას ავტომატური ტრანსმისია შეცვლის. რაც შეეხება დიზელს, ესაა „ფიატის“ 1.3-ლიტრიანი მულტიჯეტი, რომელიც 90 ცხენის ძალას და 200 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მასთან მხოლოდ ზემოთ ნახსენები მექანიკური კოლოფი იმუშავებს.

No comments:

Post a Comment