Sunday, August 24, 2014

რიკარდოს მესამე გაელვება

Motor racing-Ricciardo wins Belgian Grand Prix
24 აგვისტო
დანიელ რიკარდო უკვე თანამედროვე ფორმულა ერთის ელიტის წევრია. იმ დროს, როცა დიდი პრიზების ცირკში „მერსედესი“ დომინანტი ძალაა, 12 რბოლაში სამი გამარჯვების მოპოვება, ავსტრალიელისთვის დიდი მიღწევაა. ის ერთადერთი პილოტია, ვინც სამქიმიანებთან გამარჯვებას ახერხებს და თანაც, აშკარად სჯობნის თავის ტიტულოვან თანაგუნდელს, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელს.
როგორც მოსალოდნელი იყო, რბოლა საინტერესო გამოდგა. ზაფხულის არდადეგების გამო, რბოლებზე „დამშეულმა“ პილოტებმა ბევრი ადრენალინი „გვაჩუქეს“. სტარტზე ნიკო როსბერგმა ოდნავ დააგვიანა და ლუის ჰამილტონის გარდა, პირველ მოსახვევში სებასტიან ფეტელმაც შეასწრო. შემდეგ მოქმედმა ჩემპიონმა ჰამილტონსაც შეუტია და ლე კომბსის წინ გაასწრო კიდეც, თუმცა მეტისმეტად გვიან დაამუხრუჭა და მოსახვევს ასცდა, რის გამოც, ჰამილტონთან ერთად, როსბერგიც წინ „გაეპარა“.
ერთი წრის შემდეგ, იმავე ლე კომბსში შესვლამდე, როსბერგმა ჰამილტონს შეუტია, მაგრამ ამაოდ. S-მოსახვევის წინ კი, როსბერგმა თავისი მანქანის წინა ფრთის მარცხენა ნაწილი, ჰამილტონის მანქანის უკანა ბორბალს მიამტვრია. ორივემ შეძლო გზის გაგრძელება, მაგრამ ბრიტანელს ბორბალი დაუზიანდა და თითქმის მთელი წრის დაბალი ტემპით გავლამ მოუწია, სანამ ბოქსებს მიაღწევდა.
როსბერგმა დაზიანებული მანქანით რბოლა გააგრძელა, თუმცა მანაც ადრე, მეცხრე წრეზე მიაშურა ბოქსებს. მანამდე კი ჯერ ფეტელმა მოსახვევ პუიონში დაუშვა შეცდომა და წინ რიკარდო გაუშვა, შემდეგ კი ვალტერი ბოტასმა ფერნანდო ალონსო ჩამოიტოვა, ვისაც ორი წრით ადრე, რიკარდომაც გაასწრო. ავსტრალიელმა ლიდერობა მას შემდეგ იგდო ხელთ, რაც ყველამ პირველი პიტ სტოპი შეასრულა. მას კვალში კიმი რაიკონენი ჩაუდგა, ვისაც სპაზე ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული. როსბერგმა მესამე ადგილისთვის ფეტელს შეუტია, მაგრამ ჩემპიონმა პოზიცია დაიცვა, აგრესორს კი იქვე „ჩასაფრებულმა“ ბოტასმა გაასწრო. მალე როსბერგი ჩამორჩა - მალე გაირკვა, რომ ამის მიზეზი, დაზიანებული საბურავები გახდა.
დასაწყისის მსგავსად, რბოლის მიწურულიც საინტერესო გამოდგა. ჯერ ერთი, როსბერგმა 35-ე წრეზე მესამედ შეცვალა რეზინი. ამ დროს რიკარდოს 20 წამზე მეტით ჩამორჩებოდა, მაგრამ ისეთი ტემპი აკრიფა, ფინიშამდე უნდა დასწეოდა. მათ უკან კი მოგვიანებით გაცილებით ცხარე ბრძლა მე-5 ადგილისთვის გაჩაღდა. მასში ოთხი პილოტი (მიმდევრობით, კევინ მაგნუსენი, ალონსო, ჯენსონ ბატონი და ფეტელი) მონაწილეობდა. 42-ე წრეზე მაგნუსენს ალონსომ შეუტია, მაგრამ დანიელმა საკმაოდ უხეშად დაიცვა პოზიცია. ხელმოცარულ ალონსოს კი ბატონმა გაასწრო, რომელმაც მალე თავისი თანაგუნდელიც ზედ მიაყოლა. თუმცა იქვე შეცდა და ამ ორის გარდა, ფეტელმაც ჩამოიტოვა.
მაგნუსენი ისევ მეხუთეზე დარჩა. ალონსომ ისევ შეუტია, მაგრამ ისტორია განმეორდა. ოღონდ, ამჯერად ალონსოს ხელმოცარვით ფეტელმა ისარგებლა, რომელმაც ჯერ ესპანელი ჩამოიტოვა, მერე კი დანიელიც ზედ მიაყოლა. ამ დავი-დარაბაში, მოსახვევ ავტობუსის გაჩერებაზე, ალონსომ ფრთა ფეტელის უკანა ბორბალზე დაიზიანა. და იმ დროს, როცა ფეტელი მაგნუსენს ასწრებდა, ალონსოს ბატონმა გაუარა.
ასევე გადაკვეთეს ფინიშის ხაზი, ოღონდ რბოლის შემდეგ, სტიუარდებმა ალონსოს და მაგნუსენის ინციდენტი განიხილეს და დანიელი დამნაშავედ სცნეს, რომელსაც ჯარიმის სახით, საბოლოო შედეგი 20 წამით „დაუმძიმეს“. ამიტომ, წინასწარი შედეგებიც გადაიხედა და მაგნუსენმა დაკავებული მე-6 ადგილიდან მე-12-ზე გადაინაცვლა.
როსბერგი ბოლო ლიდერს კი წამოეწია, მაგრამ სამ წამზე ახლოს ვეღარ მივიდა. მოკლედ, რიკარდომ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და კლასიფიკაციაში მესამე ადგილი გაიმყარა. როსბერგი კი სპას შემდეგ, ჰამილტონს უკვე 29 ქულას უგებს. დარჩენილ 7 რბოლაში ეს ბევრი არაა, მითუმეტეს ბოლო ეტაპის ორმაგი ქულების გათვალისწინებით, თუმცა ჰამილტონს შეცდომის და უიღბლობის „უფლებას“ აღარ აძლევს, რაც მისთვის ორმაგად სტრესული სიტუაციაა.

ბელგიის დიდი პრიზი
სპა ფრანკორშანი, დისტანცია 308.052 კმ (7.004 კმ, 44 წრე)
1. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:24:36.556
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     +00:03.383
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     00:28.032
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             00:36.815
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              00:52.196
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 00:54.580
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    01:01.162
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      01:04.293
9. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                      01:05.347
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          01:05.697
11. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            01:11.920
12*. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                      01:14.262
13. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       01:15.975
14. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    01:22.447
15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 01:30.825
16. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1 წრე
17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1 წრე
18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       5 წრე
გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           6 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    11 წრე
გ. ანდრე ლოტერერი (გერმანია, კატერჰემი)                43 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          43 წრე

შენიშვნა:
გ - გამოეთიშა
* - მაგნუსენი 20 წამით დააჯარიმეს, რის გამოც, მე-6 ადგილიდან მე-12 ადგილზე ჩამოქვეითდა
უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი - 1:50.511, 36-ე წრე


მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი - 220 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი- 191; 3. დანიელ რიკარდო - 156; 4. ფერნანდო ალონსო - 119; 5. ვალტერი ბოტასი - 110; 6. სებასტიან ფეტელი - 98; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 69; 8. ჯენსონ ბატონი - 66; 9. კევინ მაგნუსენი - 45; 10. ფელიპე მასა - 40; 11. კიმი რაიკონენი - 39; 12. სერხიო პერესი- 31; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 11; 14. რომენ გროჟანი - 8; 15. დანილ კვიატი - 7; 16. ჟიულ ბიანკი - 2


კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 411 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 254; 3. ფერარი - 158; 4. უილიამს-მერსედესი - 150; 5. მაკლარენ-მერსედესი - 111; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 100; 7. ტორო როსო-რენო - 18; 8. ლოტუს-რენო - 8; 9. მარუსია-ფერარი - 2; 10. ზაუბერ-ფერარი - 0; 11. კატერჰემ-რენო - 0

No comments:

Post a Comment