Thursday, August 21, 2014

„დისქავერი სპორტის“ სალონი

Land Rover shows seven-seat Discovery Sport interior
21 აგვისტო
სულ რაღაც ორი კვირაა დარჩენილი უახლესი „ლენდ როვერ დისქავერი სპორტის“ მსოფლიო პრემიერამდე. ბრიტანული კომპანია ამ ეპოქალურ ავტომობილს, რომელმაც დასაბამი უნდა დაუდოს ახალ, „დისქავერის“ ოჯახს, პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ გვაცნობს. თავიდან ლაპარაკი იყო აგებულებაზე, მასში გამოყენებულ უახლეს ტექნოლოგიებზე, გარეგნობაზე და ახლა უკვე სალონზეც.
ამჯერად ბევრი არაფერია სათქმელი. სალონის შესახებ ისედაც საკმაოდ ბევრი ვიცით. მაგალითად ის, რომ მასში 7 სავარძელი (5+2 ფორმულით) სამ რიგად განლაგდება. ბრიტანულმა კომპანიამ ამჯერად ამ ავტომობილის სალონის ვიდეო ტიზერი გამოაქვეყნა. სავარძლების განლაგება 5+2 იმას ნიშნავს, რომ უკანა სავარძლები პატარებია (როგორც 2+2 სპორტულ ავტომობილებზე) და საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, საერთოდ ამოიღოთ, ან სრულად დაკეცოთ და ასე საბარგულის მოცულობა გაიზრდება.
ტიზერზე კარგად გაარჩევთ პანორამულ სახურავს, რა თქმა უნდა, სავარძლებს, საჭის მრავალფუნქციურ რგოლს, ინფოტაინმენტის სენსორულ ეკრანს, რომელიც ცენტრალური კონსოლის ზედა ნაწილში მოთავსებულა და დისტანციურ გასაღებს, რომელზეც პატარა ჯაჭვით კოსმოსურ ტურისტულ ხომალდ „სპეისშიპთუს“ მოდელი აქვს მიბმული - ამით ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ „ლენდ როვერის“ პარტნიორი „ვირჯინ გალაქტიკია“, კოსმოსური ტურიზმის პიონერი ამერიკულ-ბრიტანული კომპანია.
უახლეს სერია ინჯენიუმის ძრავებზეც ინფორმაცია უკვე არაერთხელ გავრცელდა. ამ ძრავებს „იაგუარი“ და „ლენდ როვერი“ ერთობლივად ქმნიან და რა თქმა უნდა, მათ თავიანთ ავტომობილებზე ინტენსიურად გამოიყენებენ. მათთან დაკავშირებით ამჯერად სიახლეა ის, რომ ყოველი კილომეტრის გავლისას, „დისქავერი სპორტი“ ატმოსფეროს მხოლოდ 119 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს.
მოკლედ, 3 სექტემბერს ამ ავტომობილს ინტერნეტით გავიცნობთ, მისი მსოფლიო პრემიერა კი პარიზის მოტორ შოუზე, ოქტომბერში გაიმართება. „დისქავერი სპორტი“ ბაზარზე კონკურენციას „აუდი Q5-ს“ და „ბეემვე X3-ს“ გაუწევს.

No comments:

Post a Comment