Monday, August 18, 2014

მაქს ფერსტაპენი „ტორო როსოს“ პილოტი გახდა

Motor racing-Max Verstappen to become youngest ever F1 driver
18 აგვისტო
16 წლის ჰოლანდიელმა მრბოლმა, ფორმულა ერთის ყოფილ პილოტ იოს ფერსტაპენის შვილმა მაქსმა, კონტრაქტი გააფორმა „ტორო როსოსთან“, რომელშიც მომავალი სეზონიდან ფრანგ ჟან-ერიკ ვერნს შეცვლის. მომავალი სეზონის დასაწყისში, ის უკვე 17 წლის იქნება და ამგვარად, ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდება. საინტერესოა, რომ ჰოლანდიაში 17 წლის მძღოლებს, ავტომობილის ეულად მართვის უფლება არ აქვთ.
აქამდე ფ1-ის ყველაზე ახალგაზრდა პილოტის სტატუსი ესპანელ ხაიმე ალგერსუარის ეკუთვნის, რომელსაც ფ1-ში დებიუტი 19 წლის და 125 დღის ასაკში ჰქონდა. და მისი დებიუტიც „ტორო როსოში“ (2009 წელს) შედგა. სხვათა შორის, ალგერსუარის ფ1-ში გადაყვანას მაშინ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. საბოლოოდ, ესპანელმა ორ სეზონში დატოვა დიდი პრიზების ცირკი. და მაშინ ის იმ ასაკში იყო, როცა უმეტესობა ფ1-ის კარიერას იწყებს.
იოს და მაქს ფერსტაპენები
მაქს ფერსტაპენმა მრბოლის კარიერა შვიდი წლისამ დაიწყო, რა თქმა უნდა, კარტინგით. პატარა სარბოლი ავტომობილებით არაერთი გამარჯვება და ტიტული აქვს მოპოვებული. 15 წლისამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და მაშინვე ევროპის ფორმულა სამში გადაინაცვლა, სადაც სადებიუტო სეზონშივე ტიტულისთვის იბრძვის.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაქსი ახალი თაობის მრბოლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო და ნიჭიერია. ის საკმარისად ჩამოყალიბებული და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულია იმისათვის, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს“, - განაცხადა „ტორო როსოს“ შეფმა ფრანც ტოსტმა.
ფერსტაპენის თანაგუნდელი რუსი დანილ კვიატი იქნება, რომელიც ფ1-ში პირველ სეზონს ატარებს. სხვათა შორის, ავსტრალიის დიდი პრიზის სტარტზე, რომელიც მისი პირველი რბოლაა, ის 19 წლის და 324 დღის იყო. კვიატი „ტორო როსოში“ სერია გრანპრი3-დან გადავიდა. ის ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტია, ვინც ქულის აღება შეძლო. და ეს ავსტრალიაშივე მოახერხა, სადაც რბოლა მე-9 ადგილზე დაასრულა.
საინტერესოა, რომ „ტორო როსოს“ გავლით მოხვდნენ „რედ ბულში“ მისი ახლანდელი პილოტები, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი და ავსტრალიელი დანიელ რიკარდო.
„შვიდი წლის რომ ვიყავი, ფორმულა ერთი მაშინვე ჩემი მიზანი იყო. ამიტომ, ეს შესაძლებლობა ჩემთვის ოცნების ასრულებაა. ჩვენ, მამაჩემთან და სპონსორებთან ერთად, ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისათვის, რომ ფორმულა ერთისთვის მიგვეღწია და ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ წარმატებებს მივაღწიო. იმედი მაქვს, ფერსტაპენის გვარის ფ1-ში დაბრუნებით, ჩვენ ძველ მოგონებებს გავაღვიძებთ და იმედი მაქვს, ყველა ტრასაზე ბევრი ფანი გვეყოლება“, - ამბობს უმცროსი ფერსტაპენი.
ცნობისათვის, იოს ფერსტაპენი მიხაელ შუმახერის თანაგუნდელი იყო, როცა მან თავისი პირველი ტიტული მოიპოვა (1994 წელს). შემდგომში ისინი მეგობრებიც კი გახდნენ. „ბენეტონის“ გარდა, ჰოლანდიელი ასევე „სიმტეკში“, „ეროუზში“, „ტირელში“, „სტუარტსა“ და „მინარდიშიც“ (ახლანდელი ტორო როსო) ასპარეზობდა.

No comments:

Post a Comment