Saturday, August 23, 2014

1954 წლის „ფერარი 375 MM სკალიეტი“ პებლ ბიჩის გამარჯვებულია

1954 Ferrari 375 MM Scaglietti Coupe Takes Best In Show At Pebble Beach Concours
23 აგვისტო
პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსის გამარჯვებულად, 1954 წელს გამოშვებული „ფერარი 375 MM  სკალიეტი“ დასახელდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ პრესტიჟულ კონკურსს მარანელოში გამოშვებული ავტომობილი იგებს. ეს ავტომობილი იმითაცაა გამორჩეული, რომ მხოლოდ ხუთი ცალი დამზადდა, მისი ძარა კი ატელიე „სკალიეტის“ მიერაა დამზადებული.
გამარჯვებული ავტომობილი ლეგენდარულმა კინორეჟისორმა რობერტო როსელინიმ შეუკვეთა და მისი სპაიდერის ტიპის ძარა „პინინფარინამ“ დაამზადა. მაგრამ ავტომობილი ავარიაში ისე დაიმტვრა, რომ ძარის გადაკეთება შეუძლებელი გახდა. ბედად, შასი გადარჩა და მასზე ახალი ძარის დადგმა გახდა შესაძლებელი. მოდენურმა ატელიე „კაროსერია სკალიეტიმ“ კუპეს ტიპის ელეგანტური ძარა შეიმუშავა. და ეს იყო მისი პირველი ძარა, რომელიც „ფერარის“ საგზაო ავტომობილისთვის დაამზადა.
მოგვიანებით, ავტომობილს ჯერ პალერმოელი ბიზნესმენი მარიო სავონა ფლობდა, შემდეგ კი პარიზელი ბიზნესმენი შარლ რობერი. მოგვიანებით მას უოშინგტონელი იიონ შირლი დაეუფლა, რომელიც ამჟამადაც მისი მფლობელია. სამწუხაროდ, შირლი თავის „ფერარი 375 MM  სკალიეტის“ დახურულ გარაჟში ინახავს, რომელიც პარიზში მდებარეობს. 1995 წელს ავტომობილს რესტავრაცია ჩაუტარდა. 90-იან წლებში მან არაერთი კონკურსი მოიგო (მათ შორის, იმავე პებლ ბიჩის ლუიჯი კინეტის მემორიალური პრიზი), თუმცა პებლ ბიჩში აღიარება ყველაზე გამორჩეულია. საინტერესოა ისიც, რომ პრესტიჟულ კალიფორნიულ კონკურსში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოშვებულმა ავტომობილმა, 1968 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.

No comments:

Post a Comment