Sunday, July 20, 2014

„მერსედეს S65 AMG“ - ახალი კუპე შეიხებისთვის

Mercedes Reveals All-New S65 AMG V12 Coupe - Sheiks Rejoice
20 ივლისი
„მერსედესის“ ავტომობილები, რომელთა სახელშიც 65 AMG ურევია, ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი, სადაც მდიდრულ ავტომობილებს მეტი მუშტარი ჰყავს. მათ პრაქტიკულად ისეთივე მახასიათებლები აქვთ, როგორიც 63 AMG ვერსიებს (ოდნავ უარესიც კი), ოღონდ უფრო მდიდრულად არიან გაწყობილები.
სწორედ ასეთია S Coupe-ს ტოპ ვერსია S65 AMG, რომელიც 6.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოკომპრესორიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი. ეს ძრავი 621 ცხენის ძალას და 1000 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს და ეს ძალა მხოლოდ უკანა წამყვან ბორბლებს მიეწოდება - სამქიმიანებმა S65 AMG-სთვის სრულ ამძრავიანი (4Matic) ტრანსმისია არ გაიმეტეს.
ამ აღჭურვილობით, S65 AMG-ს ადგილიდან ასის ასაკრეფად 4.1 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ სიჩქარითაა შეზღუდული. თუ მყიდველს ეს ვერ დააკმაყოფილებს, შესაძლებელია შეზღუდვის ჭერის 300 კმ/სთ-მდე აწევა. შედარებისთვის, უფრო სწრაფია ნაკლებად ექსკლუზიური S63 AMG, რომელსაც ასამდე აჩქარებისთვის 3.9 წამი ჰყოფნის, ოღონდ იმ შემთხვევაში, როცა სრულ ამძრავიანი ტრანსმისიითაა აღჭურვილი.
გარდა ამისა, S65 AMG-ს ეკიპირებაში შედის AMG-ს სპორტული საკიდარი, რომელიც შასი „მეჯიკ ბოდი კონტროლის“ ნაწილია. სისტემა ავტომობილის წინ არსებული გზის საფარს აკონტროლებს და მიღებული მონაცემების შესაბამისად ცვლის საკიდარის სიხისტეს. ამასთან, მოსახვევის გავლისას, დახრის კუთხის კორექცირების უნარი აქვს; გარდა ამისა, ძრავს ალუმინის კარტერი აქვს, ძრავის მუხლა ლილვი ნაჭედია.

ავტომობილი აღჭურვილია ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკით, რომელმაც ჩვეულებრივი აკუმულატორი შეცვალა. ამით დაახლოებით 20 კილოგრამი დაიზოგა. S65 AMG ალუმინის 20-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც წინ 255/40, უკან კი 285/35 ზომის საბურავებითაა შემოსილი. ოპციის სახით შესაძლებელია კარბონ-კერამიკული მუხრუჭების დაყენება, რომლებიც სტანდარტულზე 20 პროცენტით მსუბუქია.
მაღალი სიმძლავრის და სპორტული ტემპერამენტის მიუხედავად, S65 AMG მოკრძალებული აპეტიტითაც გამოირჩევა - 100 კილომეტრის გასავლელად 11.9 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. თუმცა, ამ მხრივაც S63 უკეთესია - მხოლოდ 10.1 ლიტრს მოიხმარს.
რაც შეეხება ფასებს, ამ მხრივ S65 AMG-ს „უპირატესობა“ აქვს - გერმანიაში 244 009.50 ევრო ღირს, რაც S63-ს ფასზე 79 000 ევროთი მეტია.

No comments:

Post a Comment