Sunday, July 6, 2014

ჰამილტონმა ბრიტანეთის დიდი პრიზი მოიგო

Motor racing-Hamilton wins at home after Rosberg retires
6 ივლისი
როგორც იქნა, ლუის ჰამილტონმა შეწყვიტა ნიკო როსბერგის ჰეგემონია და თანაც, ეს საშინაო რბოლაში გააკეთა, სადაც გამარჯვების შემდეგაც, 2008 წელს კარიერაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ტიტული მოიპოვა. ოღონდ, ამჯერად „მერსედესის“ პილოტებს შორის ბრძოლა არ ყოფილა. ჰამილტონმა თანაგუნდელის უიღბლობით ისარგებლა - როსბერგის მანქანზე გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდან და ამის გამო, გერმანელმა ამ სეზონში პირველად ვერ შეძლო რბოლის დასრულება. ამგვარად, ბრიტანული ეტაპის შემდეგ, როსბერგის 29-ქულიანი უპირატესობა 4 ქულამდე შემცირდა.
„არ მინდოდა, რომ ჩემი თანაგუნდელის ჩავარდნით მესარგებლა. მე დუბლი მსურდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს შედეგი ძალიან მჭირდებოდა“, - ნარბოლევს, კვარცხლბეკზე სახელდახელოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე, რომელიც დევიდ კულტჰარდს მიჰყავდა, განაცხადა ჰამილტონმა, ვინც ამ სეზონში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
მეორე ადგილი ფინელმა ვალტერი ბოტასმა დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 30.1 წამით ჩამორჩა. ეს მისი ზედიზედ მეორე კვარცხლბეკია. თანაც ავსტრიაში დაკავებული მესამე ადგილიდან სილვერსტოუნის მეორე საფეხურზე ავიდა. რა თქმა უნდა, კულტჰარდმა ამის მინიშნებით ჰკითხა, გერმანიაში (მომდევნო ეტაპზე) რას უნდა ველოდოთო, რაზეც მიუგო, ეს ძალიან ძნელი იქნებაო. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოტასმა სილვერსტოუნის რბოლა მე-14 პოზიციიდან დაიწყო.
მესამე ადგილი კი „რედ ბულის“ ავსტრალიელმა ახალწვეულმა დანიელ რიკარდომ დაიკავა, რომელმაც ისევ აჯობა თავის ტიტულოვან თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს. რიკარდო ბოტასს 16.3 წამით ჩამორჩა, თუმცა ამითაც კლასიფიკაციაში მესამე ადგილი განიმტკიცა. „რედ ბულის“ პილოტისთვის მესამე ადგილი ბევრი არაფერია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სამქიმიანები ამ სეზონში მიუწვდომლები არიან, მისი მესამე ადგილი უფრო დაფასდება. თანაც მთავარი ისაა, რომ ფეტელი უკან ჰყავს.
რბოლა დაწყებისთანავე, პირველივე წრის შემდეგ შეწყდა - კიმი რაიკონენმა ველინგტონის სწორზე მართვა დაკარგა და ფოლადის ზღუდეს დაეჯახა (შეჯახებისას გადატვირთვამ 47G-ს მიაღწია). გარტყმამ მისი „ფერარი“ ტრასაზე შემოაგდო და მას გვერდი ვერ აუარა ფელიპე მასამ, რომლის „უილიამსსაც“ რაიკონენის უმართავმა მანქანამ უკანა მარცხენა ბორბალი დაუზიანა. მასამ, ვისთვისაც ეს კარიერაში მე-200 რბოლა იყო, ბოქსებს კი მიაღწია, მაგრამ იქიდან აღარ გამოუშვიათ. რაიკონენი კი ადგილობრივ მედცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ბედად, მას მხოლოდ ტერფი ჰქონდა ნატკენი. გაცილებით სერიოზულად დაზიანდა დამცავი ზღუდის ის ნაწილი, რომელსაც „ფერარი“ დაეჯახა. რემონტს კი თითქმის ერთი საათი დასჭირდა.
როსბერგს გადაცემათა კოლოფში პრობლემები მე-20 წრეზე დაეწყო. როგორც გერმანელმა თავის გუნდს რადიოთი აცნობა, გადაცემების ქვედა საფეხურებზე გადასვლა უჭირდა. ასე მან ცხრა წრის გავლა მაინც შეძლო, მერე კი, როცა ჰამილტონი კუდზე დააჯდა, ასპარეზობაც შეწყვიტა. „პრობლემები მეოცე წრეზე დაიწყო და მდგომარეობა თანდათან გაუარესდა“, - განაცხადა როსბერგმა.
კვლავ ვერ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა ჯენსონ ბატონმა, დღევანდელი ფორმულა ერთის ყველაზე გამოცდილმა პილოტმა. მან ამჯერადაც კვარცხლბეკიდან ერთ ნაბიჯში დაასრულა რბოლა - რიკარდოს წამზე ნაკლებით ჩამორჩა. ბატონმა წელს გარდაცვლილი მამის, ჯონის საპატივცემულოდ, ვარდსფრად გაფორმებული ჩაფხუტით იასპარეზა - ეს მამამისის საყვარელი ფერი ყოფილა. მართალია, ავსტრალიელს ვერ გაასწრო, მაგრამ სამაგიეროდ, მისი თანაგუნდელი ფეტელი მეექვსეზე დატოვა.
ფეტელს ძალიან საინტერესო ბრძოლა ჰქონდა ფერნანდო ალონსოსთან, რომელმაც სტარტი მე-16 პოზიციიდან აიღო. 37-ე წრეზე ფეტელმა ალონსოს შეუტია და გაასწრო კიდეც, მაგრამ ესპანლმა უკეთესი ტრაექტორიის წყალობით დაიბრუნა პოზიცია. თუმცა, გერმანელს ხელები არ ჩამოუშვია და არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ, 48-ე წრეზე მაინც მიაღწია საწადელს.

ბრიტანეთის დიდი პრიზი
სილვერსტოუნი, დისტანცია 306.198 კმ (5.891  კმ, 52 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           2:26:52.094
2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     +00:30.135
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            00:46.495
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 00:47.390
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              00:53.864
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    00:59.946
7. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         01:02.563
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            01:28.692
9. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                      01:29.340
10. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1 წრე
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1 წრე
12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1 წრე
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1 წრე
14. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1 წრე
15. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      2 წრე
16. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     2 წრე
17გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)      3 წრე
გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     23 წრე
გ. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                  41 წრე
გ. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                   43 წრე
გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         51 წრე
გ. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             52 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:37.176, 26-ე წრე


მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი - 165 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 161; 3. დანიელ რიკარდო - 98; 4. ფერნანდო ალონსო - 87; 5. ვალტერი ბოტასი - 73; 6. სებასტიან ფეტელი - 70; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 63; 8. ჯენსონ ბატონი - 55; 9. კევინ მაგნუსენი - 35; 10. ფელიპე მასა - 30; 11. სერხიო პერესი - 28; 12. კიმი რაიკონენი - 19; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 9; 14. რომენ გროჟანი - 8; 15. დანილ კვიატი - 6; 16. ჟიულ ბიანკი - 2
  
კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 326 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 168; 3. ფერარი - 106; 4. უილიამს-მერსედესი - 103; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 91; 6. მაკლარენ-მერსედესი - 90; 7. ტორო როსო-რენო - 15; 8. ლოტუს-რენო - 8; 9. მარუსია-ფერარი - 2

1 comment: