Monday, July 14, 2014

ფეტელი ტიტულზე ხელის ჩაქნევას სისულელედ მიიჩნევს

Sebastian Vettel says ruling out F1 title shot would be 'stupid'
14 ივლისი
მიუხედავად იმისა, რომ არც შესაფერისი მანქანა აქვს და მუდმივად თანაგუნდელი დანიელ რიკარდოს ჩრდილშიც იმყოფება, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი მაინც ამბობს, რომ სანამ ტიტულის შენარჩუნების მათემტიკურ შანსსაც დაკარგავს, ამ სეზონის ტიტულზე ხელის ახლავე ჩაიქნევა სისულელე იქნება.
ცხრა რბოლის შემდეგ, ფეტელი ჩემპიონატის ლიდერ ნიკო როსბერგს 95 ქულით ჩამორჩება. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ დარჩენილ რბოლებში მაქსიმუმ 275 ქულის აღებაა შესაძლებელი, რაც აძლევს კიდეც ფეტელს ოპტიმიზმის საფუძველს. აქედან 50 ქულის აღება, ბოლო რბოლაშია შესაძლებელი, რომელსაც აბუ დაბი უმასპინძლებს.
ფეტელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ის ჩემპიონობაზე საერთოდ არ ფიქრობს და „რედ ბულთან“ ერთად, კრიზისის დაძლევაზეა ორიენტირებული. ბოლოს კი გამოჩნდება, რისი შანსი ექნება. თუ მოხდა სასწაული და დომინანტ „მერსედესთან“ და მის პილოტებთან ჩამორჩენის შემცირებას შეძლებს, მერე გამორიცხული არაფერი იქნება.
„თუ ქულებს გადახედავთ და გამოითვლით, გამოჩნდება, რომ ჯერაც ვიბრძვით მსოფლიოს ჩემპიონობისთვის. ასე რომ, სისუსლელე იქნება, თუ ვიტყვით - ჩვენ ბრძოლას გამოვეთიშეთ. რეალისტები თუ ვიქნებით, „მერსედესს“ ყველა დარჩენილი რბოლის მოგება შეუძლია. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ისინი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გააკეთებენ ამას. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე დავეწიოთ და დავამარცხოთ ისინი. მაგრამ ჩამორჩენა ძალიან დიდია და მოკლე დროში ეს შეუძლებელი იქნება. საერთოდ, სეზონის მსვლელობისას ჩემპიონობაზე ფიქრი არც ადრე მჩვეოდა. მიზნებს რბოლიდან რბოლამდე ვისახავ და ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი და მანქანის შესაძლებლობები“, - ამბობს მოქმედი ჩემპიონი.
მისგან განსხვავებით, ტიტულზე ხელი უკვე ჩაიქნია ფერნანდო ალონსომ, ვინც ფეტელს 17 ქულით უსწრებს და მასზე ორი ადგილით წინაცაა. თუმცა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს პესიმიზმის საბაბს ის გარემოება აძლევს, რომ „მერსედესის“ მანქანები მეტისმეტად სწრაფებია. „ჩემი აზრით, თუ როსბერგის და ჰამილტონის გარდა ვინმე გეტყვით, რომ ამ სეზონში ჩემპიონობის იმედი კვლავაც აქვთ, ეს ტყუილი იქნება. მე კი ტყუილის თქმა არ მიყვარს“, - ბრიტანეთის დიდი პრიზის შემდეგ განაცხადა ალონსომ.

No comments:

Post a Comment