Thursday, July 3, 2014

„ფორდმა“ მსოფლიოს ყველაზე „მწვანე ბრენდის“ წოდება დაიმსახურა

Ford bumps Toyota as world's greenest brand, survey shows
3 ივლისი
ბრენდების კონსალტინგზე სპეციალიზებულმა კომპანია „ინტერბრენდმა“ ჩაატარა გამოკვლევა, რომლის ანალიზის შედეგადაც, სხვადასხვა პარამეტრების შეჯერების შემდეგ, მსოფლიოს 50 ყველაზე „მწვანე“ კომპანიის რეიტინგი შეადგინა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სიაში პირველი ოთხი ადგილი საავტომობილო კომპანიებმა დაიკავა, მათ შორის კი ყველაზე „მწვანეს“ სტატუსი „ფორდს“ მიენიჭა.
გამოკვლევისას, რომელშიც ასევე კომპანია „დელოიტ კონსალტინგი“ მონაწილეობდა, შეისწავლეს მომხმარებელთა გამოხმაურებები, ასევე წარმოების პროცესები და ის ტექნოლოგიები, რომლებსაც კომპანიები გარემოს დასაცავად იყენებენ. როგორც გამოვლინდა, „ტოიოტამ“ ამჯერად ლიდრობა „ფორდს“ გადაულოცა. არადა, იაპონური კომპანია ცნობილია, როგორც ჰიბრიდული ავტომობილების ყველაზე მასობრივად მწარმოებელი.
როგორც „ინტერბრენდის“ მთავარმა აღმასრულებელმა ჯეზ ფრემპტონმა განაცხადა, „ტოიოტამ“ ლიდერის პოზიცია კორპორატიული მიზეზებით დაკარგა. „ფორდმა“ კი გარემოზე ზრუნვის აქტივობებით დაამახსოვრა მომხმარებლებს თავი. გარდა ამისა, ინტენსიურად დაიწყო წარმოებისას ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენება. და რა თქმა უნდა, მისი შიდაწვისძრავიანი (სერია ეკობუსტის აგრეგატებით აღჭურვილი) ავტომობილები პრაქტიკულად ისეთივე სუფთა გამონაბოლქვით გამოირჩევა, როგორითაც ჰიბრიდები. ამ ყველაფერმა ცისფერ ოვალს „მწვანე“ რეპუტაცია დაუმკვიდრა.
რეიტინგში „ფორდის“ და „ტოიოტას“ შემდეგ, ადგილები „ჰონდამ“ და „ნისანმა“ დაიკავეს. ამათგან „ნისანი“ ყველაზე მეტ ელექტრომობილს ჰყიდის, რომლებიც ნულოვანი გამონაბოლქვით გამოირჩევიან. არადა, როგორც იაპონური კომპანიის მარკეტინგის, კომუნიკაციების და ბრენდული სტრატეგიის შეფი როელ დე ფრისი ამბობს, ორი წლის წინათ, მისი კომპანია ათეულშიც კი არ იყო.
რეიტინგში მე-5-10 ადგილები შესაბამისად, ელექტრონიკის მწარმოებელმა იაპონურმა „პანასონიკმა“, ფინურმა „ნოკიამ“ და იაპონურმა „სონიმ“, სპორტული ინვენტარის გერმანელმა მწარმოებელმა „ადიდასმა“, საკვები პროდუქტების ფრანგმა მწარმოებელმა „დანონმა“ და ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა „დელმა“ დაიკავეს.
მხოლოდ მე-20 ადგილი ერგო ამერიკულ „კოკა-კოლას“, 21-ე ადგილზე ტექნოლოგიების მწარმოებელი „ეპლი“ გავიდა, ამერიკული სამრეწველო გიგანტი „ჯენერალ ელექტრიკი“, რომელიც თავად აწარმოებს ენერგიის მოპოვების ალტერნატიულ საშუალებებს,  23-ე ადგილზეა, სწრაფი კვების „მაკდონალდსი“ კი - 43-ე.

No comments:

Post a Comment