Hamilton heads for therapy after Hockenheim
22 ივლისი
გერმანიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლის
პირველ სექციაში მომხდარი ავარიის დროს, ლუის ჰამილტონს სერიოზული ტრავმა არ
მიუღია და მან რბოლაშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჰოკენჰაიმიდან წამოსვლისას
განაცხადა, რომ ფიზიოთერაპიის ერთკვირიანი კურსი ესაჭიროება, რადგან ავარიის დროს
მისმა სხეულმა 30G გადატვირთვა მიიღო, რამაც ხერხემალსა და კისერში
ძლიერი ტკივილები გამოიწვია.
„მუხლები წესრიგში მაქვს, მაგრამ ზურგი და კისერი
მიხედვას საჭიროებს. ფიზიოთერაპიის კურსი დამჭირდება, რადგან ზურგი ჩვეულებრივზე
მეტად მტკივა. თუმცა, ყველაფერი რიგზე იქნება სერიოზული არაფერია“, - ამბობს
ბრიტანელი მრბოლი, ვისაც რბოლის წინ აკუპუნქტურის თერაპია დასჭირდა, რათა
ტკივილები მოეხსნა.
სხვათა შორის, ჰამილტონს არც ფსიქოლოგიური თერაპია
დასჭირდება, რათა ხშირი უიღბლობა მის გამოსვლებზე არ აისახოს. როგორც ცნობილია,
რამდენიმე წარუმატებელი რბოლის შემდეგ, ბრიტანეთში ჰამილტონმა გაიმარჯვა და
თანაგუნდელ ნიკო როსბერგს ერთბაშად 25 ქულა ამოუქაჩა, რადგან გერმანელმა რბოლის
დასრულება ვერ შეძლო. თუმცა, ჰოკენჰაიმის კვალიფიკაციაზე, მუხრუჭებმა უმტყუნა და
ავარიაც ამას მოჰყვა.
„შესაძლოა, ინდიელებთან ვიზიტი დამჭირდეს, ან იქნებ
ბუდას მუცელი გავუწმინდო. მე ყველა რელიგიას მივმართავ,რათა იღბალი ისევ ჩემკენ
შემოვაბრუნო“, - ხუმრობს ჰამილტონი. თუმცა მისი ხუმრობა იქით იყოს და „მერსედესის“
შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ ჰამილტონს მართლა სერიოზული მკურნალობა დასჭირდება,
თუ ტიტულს აბუ დაბიში, ბერნი ეკლსტოუნის აკვიატებით შემოღებული ორმაგი ქულების წესის
წყალობით დაკარგავს.
„საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბერნი მართალია -
ბოლო რბოლა გადამწყვეტი იქნება. თუმცა არ ვთვლი, რომ ეს წესი სამართლიანია. ჩემი
აზრით, ჩვენ (ფ1-ს) ამას არ უნდა დავთანხმებულიყავით. არცერთი მათგანი არ იდარდებს,
თუ ასე მოიგებს. მაგრამ მას, ვინც ორმაგი ქულების გამო წააგებს, ფსიქოლოგი დასჭირდება“,
- ამბობს ვოლფი.
No comments:
Post a Comment