Saturday, July 19, 2014

„სმარტმა“ ახალი „ფორთუ“ და „ფორფორ“ გაგვაცნო

Smart's All-New 2015 ForTwo and ForFour Officially Revealed
19 ივლისი
„სმარტი ორისთვის“ და „სმარტი ოთხისთვის“, რომლებიც „რენოსთან“ პარტნიორობითაა შექმნილი, „დაიმლერმა“ ოფიციალურად წარმოგვიდგინა. ამათგან „ფორთუ“ მესამე თაობისაა, „ფორფორი“ კი - მეორე თაობის. ოთხადგილიანი „სმარტი“ ის ავტომობილია, რომლის დახმარებითაც, ეს მარკა გლობალური ავტომობილი უნდა გახდეს.
ჯუჯა „ორიანი“ იმავე შეთანწყობით შეიმუშავეს, რომლითაც მისი ორი წინამორბედი. განსხვავებულია გარეგნობა და ძრავები. ამასთან, ის პლატფორმას „რენოს“ უახლეს „ტვინგოსთან“ იზიარებს. რაც შეეხება „ოთხიანს“, მისი პირველი თაობა, სუბკომპაქტური „მიცუბიში კოლტის“ სახეშეცვლილი ვერსია იყო. ამჯერად კი ის თავისი პატარა ნათესავის დაგრძელებული ვერსიაა. სამივე ნახსენები ავტომობილის საერთო დამახასიათებელი თვისებაა უკან განლაგებული ძრავი და უკანა წამყვანი ბორბლები.
მსგავსი სტილის გარდა, ორ „სმარტს“ ერთნაირი სიგანე (1 660 მმ) და სიმაღლეც (1 550) აქვს. სამაგიეროდ, განსხვავებულია მათი ბორბლების ბაზა და სიგრძე: ორადგილიანის შემთხვევაში ბაზა 1 873 მილიმეტრია, სიგრძე კი - 2 690 მილიმეტრი. ოთხადგილიანის შემთხვევაში, ბაზა 2 494 მილიმეტრია, სიგრძე კი - 3 490 მილიმეტრი.
გარდა ამისა, ოთხიანზე უკანა კარები 90 გრადუსით იღება, რაც უკანა სავარძლებზე დაჯდომასა და იქიდან გადმოსვლას აადვილებს. ამავე ავტომობილზე უკან სავარძლები იკეცება და ამ დროს, მისი საბარგულის მოცულობა 730 ლიტრამდე იზრდება. ნომინალურად, ოთხიანის საბარგულის მოცულობა 185 ლიტრია. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, წინა მგზავრის სავარძელიც შეიძლება დაიკეცოს. რაც შეეხება ორადგილიანს, მისი საბარგულის მოცულობა 260 ლიტრია.
ალბათ არ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ორივე ახალ „სმარტს“ მოხვევის ძალიან მცირე რადიუსი აქვს. ორადგილიანის შემთხვევაში კერბიდან კერბამდე რადიუსი 6.95 მეტრია, კედლიდან კედლამდე კი - 7.30 მეტრი. ოთხიანს კი ეს შედარებით მეტი მაჩვენებლები აქვს - შესაბამისად 8.65 და 8.95 მეტრი.
პრემიერის მომენტში, ახალი „სმარტებისთვის“ ორი ბენზინის ძრავია განკუთვნილი. მათგან ერთია 1.0-ლიტრიანი ატმოსფერული, სამცილინდრიანი, რომელიც 72 ცხენის ძალას და 91 ნიუტონმეტრს ავითარებს. მეორე კი არის 0.9-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბო, რომლის სიმძლავრეც 90 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 135 ნიუტონმეტრი. მოგვიანებით, ძრავების გამას კიდევ ერთი, ბენზინზე მომუშავე ძრავი შეავსებს, რომლის სიმძლავრე მხოლოდ 60 ცხენის ძალაა.
რაც შეეხება გადაცემათა კოლოფებს, არჩევანშია 5-საფეხურიანი მექანიკური, ან 6-საფეხურიანი რობოტიზებული (ტუინამიკ) ტრანსმისია. ამათგან მეორეს ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობის მექანიზმი აკავშირებს. ორივე შემთხვევაში, მბიძგველი ძალა უკანა წამყვან ბორბლებს მიეწოდება.
რაც შეეხება აღჭურვილობას, ორივე ახალი „სმარტის“ სტანდარტულ ეკიპირებაშია წინიდან შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემა, გვერდითა ქარისას სტაბილიზაციის სისტემა (ქროსუინდ ესისტი), ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა, ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა, შუქდიოდური ფარები, კრუიზ კონტროლი და წინა შუშების სერვო ამწევები.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ ორ ავტომობილს სხვადასხვა ქარხნებში გამოუშვებენ. ორიანისთვის ისევ ჰამბახის (საფრანგეთი) ქარხანა იმუშავებს, რაც შეეხება ოთხიანს, მას „რენოს“ ნოვო მესტოს (სლოვენია) ქარხანაში, „ტვინგოსთან“ ერთად გამოუშვებენ. ევროპელები ახალი „სმარტების“ შეძენას ნოემბრიდან შეძლებენ. გერმანულ კომპანიას ამ ეტაპზე ზუსტი ფასი არ გამოუქვეყნებია, თუმცა შეგვპირდა, რომ 72-ცხენისძალიანი ვერსიის საბაზო ფასი 11 000 ევროს არ ასცდება.

No comments:

Post a Comment