Wednesday, July 2, 2014

„რენო“ „რედ ბულზე“ არ გაიყიდება

'No intention to sell' to Red Bull - Renault
1 ივლისი

„რენოს“ ფორმულა ერთის ძრავების მწარმოებელი შტო აცხადებს, რომ ის „რედ ბულზე“ არ გაიყიდება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავსტრიული გუნდი ვირი-შატიონში არსებული ბაზის ყიდვას აპირებს, გერმანულ პრესაში რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა. ამის შემდეგ, „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ფრანგულ კომპანს, ძრავის პროექტირების ადრეულ ფაზაშივე აფრთხილებდა, რომ განვითარების არასწორი გზა იყო არჩეული.

„ჯერ კიდევ 2012 წელს გავაფრთხილეთ „რენო“, რომ არასწორ მიმართულებას ირჩევდნენ. ჩვენ გვსურდა, რომ ძრავი კონკრეტული შასის პარამეტრების შესაბამისად გაკეთებულიყო“, - განაცხადა ჰორნერმა და ისიც დაამატა, რომ ისეთი შესაძლებლობების მქონე ორგანზაციას, როგორიცაა „რედ ბული“, ყოველთვის აქვს არჩევანი. ოღონდ, არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ძრავების სხვა მწარმოებლები - „მერსედესი“ და „ფერარი“ მის გუნდს არ გამოადგებიან, გაჩნდა ვარაუდი, რომ „რედ ბულმა“ სწორედ „რენოს“ ვირი-შატიონის ბაზის გამოსყიდვა გადაწყვიტა. თუმცა, „რენოს ფ1-ის“ შტოს შეფი რობ უაიტი ამ ვერსიას უარყოფს. გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას მან განაცხადა, რომ „ამ მომენტში, ვირიში მდებარე ძრავების დეპარტამენტის გაყიდვა არ იგეგმება“.
უფრო მეტიც, ის დასძენს, რომ ამ დპარტამენტის გამოსყიდვით, „რედ ბული“ მყისიერ შედეგს ვერ მიიღებს. ძრავებისთვის სახელის შეცვლა საკმარისი არაა იმისათვის, რომ აგრეგატმა უკეთ მუშაობა დაიწყოს. ახალ პატრონს არც იმის უფლებას მისცემენ, რომ სახელშეცვლილი ძრავის გადაკეთება დაიწყოს. „ნურავინ იფიქრებს, რომ თუ ცილინდრების ხუფზე სახელს გამოცვლიან, პროექტის სუფთა ფურცლიდან დაწყებას შეძლებენ. ამის უფლება „ჰონდასაც“ კი არ აქვს“, - დასძენს უაიტი.
მალე „რენოში“ „კატერჰემიდან“ ბრიტანული გუნდის ყოფილი შეფი სირილ აბიტბული ბრუნდება, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ვირი-შატიონში რეორგანიზაციას წამოიწყებს. არსებობს ვარაუდი, რომ „რენო“ თავის კონკურენტ „მერსედესის“ მიდგომას გადაიღებს და ძრითად აქცენტს ერთ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობაზე გადაიტანს. დიდი ალბათობით, ეს ერთი გუნდი „რედ ბული“ იქნება. „ყველას ერთდროულად ვერ ასიამოვნებ. „რენოს“ სურდა, რომ მისი ყველა მომხმარებელი კმაყოფილი ჰყოლოდა, მაგრამ ეს ძალიან ძნელი მისაღწევია და კონკურენტუნარიანობაზე ცუდად მოქმედებს“, - ამბობს ჰორნერი.
სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძრავების შეცვლას აპირებს „ლოტუსი“, რომელიც „მერსედესის“ ბანკში გადადის. „რენოს“ კი სამი კლიენტი დარჩება - „რედ ბული“, მისი იტალიელი „ნათესავი“ „ტორო როსო“ და „კატერჰემი“, რომელიც მისმა პატრონმა ტონი ფერნანდესმა გასაყიდად გამოიტანა. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს გუნდი „რედ ბულის“ ბოლიდის უკანა ნაწილს იყენებს.

No comments:

Post a Comment