Tuesday, July 8, 2014

ფორმულა 1-ში შეიძლება FRIC საკიდარები აიკრძალოს

Formula 1's FRIC suspension systems set to be banned by FIA
8 ივლისი
ბრიტანეთის დიდი პრიზის შემდეგ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ფორმულა ერთის გუნდებს წერილობითი შეტყობინებები დაუგზავნა, რომლითაც მათ ატყობინებს, რომ დაკიდების სისტემა FRIC (Front and Rear Interconnected Suspension, ანუ წინა და უკანა საკიდარების ურთიერთკავშირი), რომელსაც გუნდების უმეტესობა იყენებს, ტექნიკურ რეგლამენტს არ შეესაბამება.

წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნული სისტემის შესწავლის შემდეგ გამოვლინდა, რომ ის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება. კერძოდ, ის არ აკმაყოფილებს რეგლამენტის 3.15 პუნქტს, რომელიც მოძრავი აეროდინამიკური ელემენტების გამოყენებას კრძალავს. ერთი შეხედვით, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ერთმანეთთან დაკიდების სისტემას და აეროდინამიკას...
საქმე ისაა, რომ წინა და უკანა საკიდარების ურთიერთკავშირის დანიშნულება, ავტომობილის ძირის ყველა ნაწილის გზიდან თანაბარი დაშორების შენარჩუნებაა, რაც მანქანის ქვეშ ჰაერის მოწესრიგებული ნაკადის მოძრაობას უზრუნველყოფს, ეს კი ეგრეთ წოდებული გრაუნდ ეფექტის გაუმჯობესებას იწვევს. შესაბამისად, იზრდება მანქანის გზასთან ჩაჭიდება, რისი წყალობითაც, პილოტი მოსახვევებს უფრო სწრაფად გადის.
FIA-ს ტექნიკური დელეგატი და რბოლების დირექტორი ჩარლი უაიტინგი ამბობს, რომ ტექნიკურმა კომისიამ პრაქტიკულად ყველა ავტომობილის დაკიდების სისტემა შეისწავლა, რამაც აჩვენა, რომ წინა და უკანა საკიდარების დამაკავშირებელი სისტემა არ შეესაბამება რეგლამენტის მიერ განსაზღვრულ ნორმებს. მაგრამ FIA მზადაა, გაითვალისწინოს გუნდების ინტერესები და მსგავსი სისტემების გამოყენება, ამ სეზონის დასრულების შემდეგ აკრძალოს, რადგან FRIC საკიდარი ბოლიდების სტრუქტურის ნაწილს წარმოადგენს და მასზე უარის თქმა, ავტომობილების ძირეულ გადაკეთებას მოითხოვს, ეს კი რამდენიმე დღეში და კვირაში შეუძლებელია. თუმცა, უაიტინგი იმასაც ხაზს უსვამს, რომ გუნდებმა სისტემის აკრძალვის გადავადებას ერთხმად უნდა დაუჭირონ მხარი.
FRIC საკიდარი პირველმა „რენომ“ (ახლანდელმა ლოტუსმა) გამოიყენა 2008 წელს. შემდგომში კი მსგავსი ელემენტი ყველა შეძლებული გუნდის მანქანაზე გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ყველაზე დახვეწილი FRIC სისტემა „მერსედესს“ აქვს. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია და არავინ იცის, მისი აკრძალვა ყველაზე მეტად ვის დააზარალებს.

უაიტინგი ამბობს, რომ თუ გუნდებს შორის ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი გახდება, მაშინ უკვე გერმანიაში, ნებისმიერ გუნდს, რომელიც FRIC სისტემას იყენებს, იმის საშიშროება ემუქრება, რომ სხვა გუნდის ჩივილის შემთხვევაში, რბოლიდან მოიხსნას. მაგრამ ის არაფერს ამბობს განვლილ რბოლებსა და სეზონებზე, რომელთა შედეგებიც თავისუფლად შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ, რადგან ყველა ძლიერი გუნდი მსგავსი სისტემას იყენებს.

No comments:

Post a Comment