Friday, July 25, 2014

ბაქო ფ1-ის ევროპის დიდ პრიზს 2016 წელს უმასპინძლებს

Azerbaijan confirms deal to host Formula 1 race from 2016
25 ივლისი
აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აზად რაჰიმოვმა და ბერნი ეკლსტოუნმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის შესაბამისადაც, ბაქო ფ1-ის ევროპის დიდ პრიზს 2016 წელს უმასპინძლებს. პირვანდელი გეგმით, ბაქოს რბოლა უკვე მომავალ სეზონში უნდა გამართულიყო, მაგრამ ის ერთი წლით გადასწიეს.
„მოხარული ვარ ოფიციალურად გაცნობოთ, რომ ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ფორმულა ერთს ბაქოში ჩამოიყვანს. ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლთ აზიის საზღვარზე მდებარეობს, რაც ფორმულა ერთისთვის ახალი რეგიონია. აზერბაიჯანი თანამედროვე ევროპული ქვეყანაა, რომელსაც სპორტული ცენტრის რეპუტაცია აქვს. ფ1-ის რბოლის ბაქოში ჩატარება, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ღონისძიებათა ჩვენს ქვეყანაში მოზიდვის საქმეში, ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება“, - ამბობს მინისტრი.
ბაქოს რბოლა ქალაქის ქუჩებში მოწყობილ სპეციალურ ტრეკზე გაიმართება, რომელსაც ამ საქმის გერმანელი სპეციალისტი ჰერმან ტილკე დააპროექტებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ პიტლეინი და სტარტ-ფინიშის სწორი, აზადლიკ მეიდანზე (თავისუფლების მოედანზე), ბაქოს ბულვარის გასწვრივ განთავსდება.
„ძალიან გვიხარია, რომ ბაქო ფორმულა ერთის ოჯახს შეუერთდა. აქ ქუჩის რბოლა ჩატარდება, რომელიც ქალაქის ძალიან ლამაზ და საინტერესო უბნებში გაივლის. ბაქოს რბოლა, თანამედროვე ფორმულა ერთის ყველანაირ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, - განაცხადა ეკლსტოუნმა.

No comments:

Post a Comment