Friday, July 4, 2014

რაიკონენი ფ1-ს 2015 წლის სეზონის შემდეგ დატოვებს

Kimi Raikkonen likely to leave F1 when Ferrari deal ends after 2015
4 ივლისი
სილვერსტოუნზე ჟურნალისტებთან საუბრისას, კიმი რაიკონენმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, „ფერარისთან“ კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, მას აღარ გააგრძელებს. კითხვაზე, რას აპირებს ამის შემდეგ, ფინელმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ალბათ გაჩერდება: „ფორმულა ერთში მანამ ვიქნები, სანამ კონტრაქტი დასრულდება, მერე კი ალბათ გავჩერდები“, - ამბობს ფ1-ის 2007 წლის ჩემპიონი.
რაიკონენი არ გამორიცხავს, რომ ფ1-ის შემდეგ, შესაძლოა კარიერა რალიქროსში გააგრძელოს. მან ასევე თქვა, რომ ფ1-ს სხვა სახეობაში გადასვლის სურვილით არ ტოვებს. თუმცა, ისიც აღიარა, რომ გუნდებმა პილოტებს მეტი თავისუფლება უნდა მიანიჭონ და სხვა სერიებში პერიოდულად ასპარეზობის უფლება უნდა მისცენ:
„ბევრ სახეობაში ვცადე გამოსვლა და არ მგონია, რომ მათ პილოტის შესაძლებლობებისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი კარიერა ამით არ დაზარალებულა. ჩემი აზრით, პირიქითაა. სხვა როცა სიახლეს მოსინჯავ, ბევრი რამის სწავლა შეიძლება. გუნდებს კი იმის შიში აქვთ, რომ შეიძლება ტრავმა მივიღოთ. მაგალითად ადრე, როცა „ფერარიში“ ვიყავი, რალიში გამოსვლის უფლება არ მქონდა. არადა, შეთავსება საინტერესო იქნებოდა არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მაყურებლისთვისაც“.
კითხვაზე, მეტი თავისუფლება რომ ჰქონდეს, ფ1-ში თუ დარჩებოდა, რაიკონენი პასუხობს: „არა, სხვა რამის კეთების სურვილს ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ ჰქონია და არც ექნება. როცა ვგრძნობ, რომ ფ1-ში გამოსვლის დასრულების დროა, ესე იგი, ასე უნდა მოვიქცე. ეს გადაწყვეტილება ფ1-ს ეხება და მნიშვნელობა არ აქვს, ერთდროულად სხვა სერიებში ასპარეზობის უფლებას მომცემენ, თუ არა. უბრალოდ ვთვლი, რომ გაჩერებისთვის შესაფერისი დროა“.
რაიკონენმა ფორმულა ერთში გამოსვლა 2001 წელს, „ზაუბერში“ დაიწყო. ერთი სეზონის შემდეგ კი „მაკლარენში“ გადავიდა, სადაც ხუთი სეზონი გაატარა. 2007 წელს „ფერარიში“ გადავიდა და მაშინვე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2009 წლის სეზონის შემდეგ, „ფერარიმ“ კონტრაქტი გაუწყვიტა, რის გამოც ფ1 დატოვა და რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადავიდა. იქ ორი წარუმატებელი სეზონი გაატარა და 2012 წელს ისევ ფ1-ს დაუბრუნდა. ამჯერად „ლოტუსის“ რიგებში გადავიდა. ამ სეზონის წინ კი ისევ „ფერარის“ დაუბრუნდა, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

No comments:

Post a Comment