Friday, June 27, 2014

„ასტონ მარტინ DP-100“ - ვირტუალური ავტომობილი რეალობაში

DP-100 Vision is Aston Martin’s Answer to the Mid-Engined Supercar, for Gran Turismo 6
27 ივნისი
„ასტონ მარტინი“ კიდევ ერთი საავტომბილო კომპანიაა, რომელმაც „სონი პლეისტეიშნის“ ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმო 6-თვის“ ვირტუალური ავტომობილის შექმნა გადაწყვიტა. ბაზრის გარეთ შეჯიბრის გარდა, ეს ერთგვარ მარკეტინგულ სვლადაც იქცა - თამაშში მონაწილე კომპანიებს მაღალი ცნობადობა გარანტირებული აქვთ. და თუ მოთამაშეებს შორისაც პოპულარულობას მოიპოვებენ... ამიტომ, ოთხბორბლიანი პერსონაჟების შემქმნელები საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და შესაბამისად, „გრან ტურიზმოც“ არაერთი საინტერესო ავტომობილით ივსება.
მათ შორის, „ასტონ მარტინ DP-100“ უახლესი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. მისი რეალური ვერსია კი ბრიტანულმა კომპანიამ პირველად გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე წარადგინა - უკეთეს ადგილს ამისათვის ვერც ნახავდა, რადგან შოუს რამდენიმე დღეში ასობით ათასი ადამიანი მოინახულებს.
„ასტონ მარტინის“ ისტორიაში, კონცეპტი DP-100 პირველი შუაძრავიანი ავტომობილია. ის V12 ძრავითაა აღჭურვილი, ოღონდ, არა ატმოსფერულით - აგრეგატს წყვილი ტურბო კომპრესორი ემსახურება, რომელთა დახმარებითაც, ის 800 ცხენის ძალას ავითარებს (ასტონი არ აზუსტებს, ძრავიც ვირტუალურია, თუ რეალურად არსებობს). რა თქმა უნდა, წამყვანი ბორბლები უკანებია.
ამგვარად, თუ ასეთი ავტომობილის გამოშვებას გადაწყვეტს, ბრიტანული კომპანია ერთდროულად ორ სიახლეს შემოგვთავაზებს: მყიდველს პირველად შესთავაზებს შუაძრავიან სუპერ ავტომობილს და ასევე პირველად, ტურბო ძრავს გამოიყენებს. მეორე შემთხვევაში, ეს მსოფლიო ტრენდის გაყოლა იქნება - ისეთი კომპანიაც კი, როგორიც „ფერარია“, უკვე გადადის ტურბო და ჰიბრიდულ აგრეგატებზე.
„გრან ტურიზმოს“ სერიის შემქმნელი, კაზუნორი იამაუჩი ამბობს: „როდესაც გეიდონში, ასტონ მარტინის შტაბ-ბინაში ეს ავტომობილი ვნახე, ენა ჩამივარდა. გაოცებული დავრჩი დიზაინის დახვეწილობით. ასევე გამიკვირდა, რომ ავტორებმა ის შუაძრავიანი შეთანწყობით შემოგვთავაზეს, რაც ასტონ მარტინის ისტორიაში პირველად მოხდა. და ამ მანქანის სტილში, ასტონ მარტინის მომავალი დავინახე. ის ისეთ მაღალ დონეზეა შესრულებული, რომ ამ სახით დღესვე შეიძლება მისი ბაზარზე წარდგენა“.

No comments:

Post a Comment