Wednesday, June 11, 2014

„რენო“ „ალპინს“ „კატერჰემის“ გარეშე აღადგენს

Renault Buys Caterham's Stake in Joint Venture, Will Launch Alpine Sports Car Alone in 2016
11 ივნისი
როგორც მოსალოდნელი იყო, „რენომ“ და „კატერჰემმა“ პროექტ „ალპინზე“ თანამშრომლობა ოფიციალურად გაწყვიტეს. ამგვარად, ფრანგული კომპანია თავისი აწ უკვე ყოფილი პარტნიორისგან, მათ მიერ შექმნილ ერთობლივ საწარმო „სოსიეტ დეს აუტომობილს ალპინ კატერჰემის“ აქციების იმ 50 პროცენტს გამოისყიდის, რომლებიც „კატერჰემის“ ხელში იყო. შესაბამისად, ერთობლივი საწარმოს სახელიც შეიცვლება და იქიდან „კატერჰემი“ ამოვარდება.
„რენო“ არ ამხელს, თუ რა დაუჯდება „კატერჰემის“ წილის გამოსყიდვა. მთავარი კი ისაა, რომ „ალპინის“ აღდგენაზე მუშაობა გაგრძელდება და ამ მარკით, პირველი ავტომობილი, 2016 წელს გამოვა. თავისი სპორტული ავტომობილის გამოშვება არც ბრიტანულ კომპანიას გადაუფიქრებია, რომელიც მას ალბათ ერთი წლით ადრე გამოუშვებს.
ფრანგული კომპანია აცხადებს, რომ „კატერჰემთან“ პროექტ „ალპინზე“ პარტნიორობის შეწყვეტის მიუხედავად, მასთან სხვა პროექტებზე ერთობლივი მუშაობა კვლავაც შესაძლებელია. ამასთან, „რენო“ კვლავაც გააგრძელებს ძრავებით „კატერჰემის“ ფორმულა ერთის გუნდის მომარაგებას.
„რენოს“ დიპის ქარხანა, სადაც „ალპინის“ წარმოება იგეგმება, უკვე ემზადება ახალი სპორტული ავტომობილის შასის და ძარის წარმოების დასაწყებად. კომპანია აცხადებს, რომ ეს ავტომობილი, რომლის შემუშავების პროცესსაც ცნობილი ინჟინერი ბერნარ ოლივიე ხელმძღვანელობს, „ალპინის“ ტრადიციების გამგრძელებელი იქნება.
ცნობილია, რომ „რენოს“ ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინათ, „ალპინის“ პირველი ავტომობილის დიზაინის და ძირითადი პარამეტრების შეცვლა მოითხოვა. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამან გამოიწვია „კატერჰემთან“ უთანხმოება, რადგან ბრიტანული კომპანია პრაქტიკულად მზად იყო წარმოების დასაწყებად. თანაც, ახალი პარამეტრების (ძირითადად ბორბლების ბაზის) შესაბამისად დიზაინის შეცვლა, დამატებით ხარჯებს მოითხოვდა, რისი საშალებაც „კატერჰემს“ არ აქვს.
ოლივიე ამბობს, რომ ავტომობილის შემუშავების პროცესი 90 პროცენტით დასრულებულია. მუშაობა გრძელდება ინტერიერის დიზაინზე და ისიც ზაფხულის ბოლომდე მზად იქნება. მთავარი ინჟინერი „ალპინის“ სპორტულ ავტომობილს მოკლედ ასე ახასიათებს - სტილი, სიამოვნება და სპორტული სული...

No comments:

Post a Comment