Wednesday, June 18, 2014

შუმახერი ხანგრძლივ რეაბილიტაციას იწყებს

Hospital admits Schumacher outcome uncertain
18 ივნისი
მიხაელ შუმახერმა სიცოცხლისთვის ბრძოლის პირველი, ყველაზე რთული ეტაპი მოიგო - ის კომაში აღარაა და სარეაბილიტაციო კურსისთვის, გრენობლის (საფრანგეთი) საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან, ლოზანას (შვეიცარია) ჰოსპიტალში გადაინაცვლა. როგორც გაზეთი „ტელეგრაფი“ წერს, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი პერიოდულად გონს მოდის, თუმცა მალე იღლება და ისევ დასვენების ფაზაში გადადის.
„ტელეგრაფს“ ეს ინფორმაცია ლეგენდარული მრბოლის ოჯახთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა, რომელიც როგორც წესი, ინფორმაციას არ ავრცელებს ხოლმე. ამასთან, როგორც ლოზანას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დარსი კრისტენი აცხადებს, შუმახერი იქ არა რამდენიმე დღით, არამედ გაცილებით დიდხანს დარჩება.
„აქ გადმოყვანა არ ნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ის ხან გონს მოდის, ხანაც გადის კონტაქტიდან. თუმცა ფაქტია, რომ გაცილებით ხშირად და მეტხანს მოდის გონს, ვიდრე ვთქვათ, აპრილში. მას ჯერ ლაპარაკი არ შეუძლია, თუმცა კომუნიკაციას გარკვეულწილად ახერხებს. ექიმები და ოჯახის წევრები მუდმივად ელაპარაკებიან, სწრაფად იღლება და მერე ბევრი დასვენება ესაჭიროება“, - ამბობს კრისტენი.
იტალიური გაზეთი „ლა რეპუბლიკა“ კი წერს, რომ გადაყვანის შემდეგ, რამდენიმე დღეა საჭირო იმისათვის, რომ შუმის მდგომარეობა სტაბილური გახდეს. ამის შემდგ კი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება. იმავე გაზეთის ინფორმაციით, გერმანელი მოკლე დროით, მხოლოდ თვალებით ახერხებს კონტაქტს.
კირსტენი დასძენს, რომ რეაბილიტაცია ხანგრძლივი პროცესია და ძნელია იმის თქმა, თუ რა შედეგი ექნება. რაც უნდა იყოს, ბევრი მოთმინებაა საჭირო. კირსტენი ამბობს, რომ ლოზანას ჰოსპიტლის ნევროლოგიურ დეპარტამენტს პროფესორი რიჩარდ ფრანკოვიაკი ხელმძღვანელობს, მისი განყოფილება კი ერთ-ერთი ყველაზე უკეთ აღჭურვილია მთელს მსოფლიოში. „აქ მკურნალობა და კვლევა ერთდროულად წარიმართება. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შუმახერისთვის ამ მომენტში ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს“, - ამბობს კირსტენი.

No comments:

Post a Comment