Sunday, June 22, 2014

„ფორდ კა“ ბრაზილიიდან მთელი მსოფლიოსთვის

Ford Brazil Reveals New Ka Hatch and Ka+ Sedan
22 ივნისი
„ფორდ ბრაზილმა“ პატარა „კას“ მსოფლიო პრემიერა ფეხბურთში მსოფლიო თასის დღეებს დაამთხვია. თანაც, ერთდროულად მისი ორი ვერსია - ხუთკარიანი ჰეჩბეკი და „კა“ და პატარა სედანი „კა+“ წარმოადგინა. ორივე ავტომობილი ძლიერ ჰგავს იმ კონცეპტს, რომლებიც ცისფერი ოვალის ბრაზილიურმა შტომ შარშან გაგვაცნო. და კომპანიის სლოგან „ვან ფორდის“ შესაბამისად, ორივე გლობალური ბაზრისთვისაა განკუთვნილი.
ორივე ავტომობილი „ფორდის“ სამხრეთამერიკულმა ტექნიკურმა ცენტრმა შეიმუშავა, მათი ტესტირება კი გერმანიაში ჩატარდა. კომპანიამ გამოაცხადა, რომ A-სეგმენტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან მასში პოზიციის გამყარებას, „ფორდის“ გაყიდვების გაზრდა შეუძლია. არადა, „კას“ ბაზარზე აქ ისეთი ძლიერი კონკურენტები ელის, როგორებიცაა „პეჟო 108“ და „ფოლკსვაგენ Up!“.
თუმცა, „კას“ ერთი თავისებურება აქვს - მისი შემუშავების პროცესის დასაწყისშივე ინჟინრებმა გაითვალისწინეს, რომ ახალი ავტომობილი ხელმისაწვდომი და პრაქტიკული უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ კი, ამ თვისებათა გარდა, ის აღჭურვილობითაც მოხიბლავს მყიდველს - მის ეკიპირებაში „ფორდ SYNC“, „აპლინკ“ და „მაიფორდ დოკ“ სისტემებიც შედის.
სხვათა შორის, ახალი „კას“ კონსტრუქცია, ძველი „ფიესტას“ ბაზაზეა შექმნილი, რომლის წარმოებაც 2007 წელს შეწყდა. საინტერესოა, რომ იმავე პლატფორმაზე მაშინდელი „მაზდა2-იც“ იყო აწყობილი. როგორც მოსალოდნელი იყო, „ფორდ ბრაზილმა“ თავისი ავტომობილისთვის მხოლოდ პატარა ძრავები შეარჩია. თანაც, ყველა ისეა მოდიფიცირებული, რომ ეთანოლზეც იმუშაოს. ძირითადი ძრავია სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი აგრეგატი, ოღონდ არა სერია ეკობუსტისა. ორივეს ერთნაირი ძირითადი კონსტრუქციული პარამეტრები აქვს, მაგრამ „კას“ შემთხვევაში, ძრავი ტურბოკომპრესორის გარეშეა. ასე კი ის 85 ცხენის ძალას და 105 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავთან წყვილში 5-საფეხურიანი მექანკური კოლოფი მუშაობს.
მოგვიანებით, „კას“ კაპოტქვეშ 1.5-ლიტრიანი ძრავიც გამოჩნდება, ოღონდ ის პრიორიტეტულად ინდური ბაზრისთვის განკუთვნილი „ფიგოსთვისაა“ შემუშავებული. ეს უკანასკნელი „კას“ იდენტურია. დაბოლოს, „კას“ ძრავების გამაში ასევე შევა დიზელის 1.5-ლიტრიანი TDCi, თავისი 90 ცხენის ძალით და 210 ნიუტონმეტრით.

No comments:

Post a Comment