Tuesday, June 17, 2014

გაიცანით - ზებგერითი რეკორდული ავტომობილი „ბლადჰაუნდი“

Cockpit revealed for Bloodhound supersonic car
17 ივნისი
ბრიტანულმა ჯგუფმა, სახელად „ბლადჰაუნდ“, ქალაქ ბრისტოლში სპეციალური ღონისძიება მოაწყო, რომელზეც ხმელეთის ახალი რეკორდის დასამყარებლად შექმნილი ზებგერითი რეკორდული ავტომობილის კოკპიტის პრეზენტაცია ჩაატარა. ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი - კოკპიტი პრესას ბრიტანელმა სამხედრო მფრინავმა და ხმელეთზე სიჩქარის რეკორდის ავტორმა ენდი გრინმა წარუდგინა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ რაკეტის მსგავსი აპარატით, სიჩქარის ახალი რეკორდის დამყარებას 2015 ან 2016 წელს ეცდება.
გრინის რეკორდი, რომელიც მან ბრიტანელ ინჟინერ რიჩარდ ნოუბლის მიერ შემუშავებული „ტრასტით“ დაამყარა, არის 1 227 კმ/სთ. ამჯერად კი ნოუბლი და გრინი გაცილებით მეტი სიჩქარის დაფიქსირებას გეგმავენ - მათი მიზანი 1 600 კმ/სთ-ია, რაც ძალიან რთული გამოწვევაა არამხოლოდ პილოტისთვის, არამედ ინჟინერთა იმ ჯგუფისთვის, რომელიც ავტომობილის შექმნაზე მუშაობს.
როგორც „ბლადჰაუნდი“ აცხადებს, მონოკოკური სტრუქტურა მანქანისთვის კომპანია „URT ჯგუფმა“ შეიმუშავა, რომელიც თავდაცვით, საავტომობილო, მოტორსპორტის, გემთმშენებლობის, აეროკოსმოსურ და სხვა პროექტებში მონაწილეობს და რომელიც კომპოზიციური მასალების გამოყენებაზეა სპეციალიზებული. სარეკორდო ავტომობილის მონოკოკის დამზადებას 10 000 საათი, ხუთი ტიპის კარბონის ბოჭკოს ქსოვილი, და ორი განსხვავებული შემავსებელი პლასტიკი დასჭირდა. კარბონის ქსოვილების შრეებს შორის, სამი განსხვავებული სისქის ალუმინის ფურცლები მოათავსეს. მონოკოკის სტრუქტურის ყველაზე თხელი ნაწილის სისქე 25 მილიმეტრია და მის განივკვეთში, კარბონის ქსოვილის და ალუმინის ფურცლების 13 შრეა ჩატეული. საბოლოო ჯამში, მონოკოკური სტრუქტურის წონა მხოლოდ 91 კილოგრამია.
მსუბუქი მონოკოკური კოკპიტი პირდაპირ მაგრდება ასევე მსუბუქ შასიზე. მის უკან რეაქტიული, სარაკეტო და სარბოლი ავტომობილის ძრავებია მოთავსებული. „ბლადჰაუნდი“ ამბობს, რომ 1 600 კმ/სთ სიჩქარეზე, მონოკოკური სტრუქტურის წინა ნაწილს, ყოველ პირობით კვადრატულ მეტრზე, სამტონიანი აეროდინამიკური ზეწოლის გაძლება მოუწევს. ასეთ სიჩქარეზე, კოკპიტში წინა ბორბლებიდან ასხლეტილი მცირე კენჭის შეღწევაც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს პილოტისთვის. ამიტომ, გუნდმა გადაწყვიტა, რომ კოკპიტის ის ნაწილი, რომელშიც პილოტი მოთავსდება, ბალისტიკური ჯავშნით დაეცვა.
კოკპიტის ზედა ნაწილს ისეთი ფორმა მისცეს, რომ ძრავის ჰაერის ამღების წინ, დარტყმითი ტალღები წარმოიქმნას, რისი წყალობითაც, მაქსიმალურ და მასთან მიახლოებულ სიჩქარეზე, ჰაერის ნაკადი ძრავში სრული სიჩქარით არ მოხვდება. ასე ძრავი დაცული იქნება გადატვირთვისგან. ამგვარად, 1 600 კმ/სთ სიჩქარეზე, ჰაერი ძრავში დაახლოებით 965 კმ/სთ სიჩქარით შევა.
კოკპიტის სანთლის გამჭვირვალე ნაწილი, „PPA ჯგუფის“ მიერ, აკრილისგანაა დამზადებული. ის პლასტიკის ორი შრისგან შედგება. დამზადების პროცესში, ისინი გაახურეს და ამ მდგომარეობაში მიაწებეს ერთმანეთს. ამგვარად დამზადებული საქარე შუშა საბრძოლო თვითმფრინავის ანალოგიურ დეტალზე თხელია და 1 448 კმ/სთ სიჩქარეზე, ერთკილოგრამიანი საგნის დაჯახებას უძლებს. მაგრამ კონსტრუქციის შემქმნელები ამბობენ, რომ შუშის ძლიერი დახრის გამო, პილოტს არა მისი 25-მილიმეტრიანი სისქის მიღმა ცქერა მოუწევს, არამედ თითქმის 50-მილიმეტრიანიდან. პილოტი კოკპიტში იმ ჭრილიდან შეაღწევს, რომელიც ძრავის ჰაერის ამღების წინაა მოთავსებული. სანთელს აქვს სპეციალური, მაღალი სიმტკიცის სამაგრები, რათა მაღალ სიჩქარეზე, ძრავმა ის არ მოგლიჯოს და შეიწოვოს (პილოტთან ერთად). ეს სამაგრები 2.5 კილონიუტონ (0.25 ტონა) დატვირთვას უძლებს, რაც მისი საიმედობისთვის საკმარისია.
კოკპიტში განლაგებული მაჩვენებლების დაფა უფრო აეროკოსმოსური ხომალდისას ჰგავს, ვიდრე ავტომობილისას. საჭის რგოლი ფორმულა ერთის სარბოლო ავტომობილის მსგავს ელემენტს მოგაგონებთ, ოღონდ ღილაკებით, ინდიკატორებითა და გადამრთველებით მასავით გადატვირთული არაა. სპიდომეტრის დანაყოფები მლ/სთ-ს და მახს უჩვენებს. ამასთან, 1 მახის (1 225 კმ/სთ) მაჩვენებელი დიდადაა გამოსახული, რათა მისი გადალახვისას, გრინმა იცოდეს, რომ მალე სასურველ მიზანსაც შეიძლება მიაღწიოს. სპიდომეტრი მას იმისთვისაც სჭირდება, რომ დროულად ჩართოს სარაკეტო ძრავი და აამოქმედოს მუხრუჭები. ინტერიერში ასევე არის განათება, რადგან დიდი ალბათობით, სარეკორდო პირველი გარბენი მზის ამოსვლისას ჩატარდება, მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. საჭე ტიტანის ნამზადისგან, სამგანზომილებიან პრინტერზე, გრინის ხელების ფორმის შესაბამისადაა ამობეჭდილი.
სარეკორდო ავტომობილი სამი ტიპის ძრავებითაა აღჭურვილი. მათგან ერთია რეაქტიული EJ200, მეორე სარბოლი ავტომობილის ძრავი, მესამე კი წყვილი სარაკეტო ძრავი. რეაქტიულ ძრავს 210 კილონიუტონზე მეტი (21 ტონაზე მეტი) გამწევი ძალის გამომუშავება შეუძლია. სარბოლი ძრავის დანიშნულება ისაა, რომ სარაკეტო ჰიბრიდულ ძრავს, დაახლოებით 20 წამში 1 000 ლიტრი საწვავი - წყალბადის ზეჟანგი გადაუტუმბოს.
კომპიუტერის და ციფრული მაჩვენებლების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევისთვის, კოკპიტი „როლექსის“ წარმოების ანალოგური ორი ტიპის მაჩვენებლებითაც აღიჭურვა. ერთი სპიდომეტრია, რომელსაც დანაყოფები 1 770 კმ/სთ-მდე აქვს, მეორე კი - ქრონოგრაფი, რომელიც რეაქტიული ძრავის მუშაობას გააკონტროლებს. კოკპიტში მორი სატერფულია. მათგან მარჯვენა რეაქტიულ ძრავს მართავს, მარცხენა კი - ბორბლის მუხრუჭებს. „ბლადჰაუნდის“ განცხადებით, ბორბლის მუხრუჭებზე, ავტომობილის შენელების მხოლოდ ერთი პროცენტი მოდის და ისიც მცირე სიჩქარეზე. შენელების ძირითად ძალას კი პარაშუტები და საჰაერო მუხრუჭები ქმნის. ჩატარებული გათვლებით, მაქსიმალური სიჩქარიდან სრულ გაჩერებამდე ავტომობილს დაახლოებით 19 კილომეტრის გავლა მოუწევს.
„ბლადჰაუნდს“ რეკორდული გარბენის შესასრულებლად ადგილი სამხრეთ აფრიკაში, ჰეკსკინ პანში აქვს შერჩეული. პირველ ტესტებს კი ბრიტანეთში, ნიუქვეის ასაფრენ ზოლზე შეასრულებს, სადაც მაქსიმალურ სიჩქარედ 321 კმ/სთ-ია შერჩეული. ამის შემდეგ, გუნდი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება. იქ პირველ ტესტებზე 1 287 კმ/სთ სიჩქარის მიღწევაა დასახული. ტესტების შემდეგ, გუნდი ბრიტანეთში დაბრუნდება და ტესტების დროს მიღებული ანათვლების ანალიზს ჩაატარებს. საჭიროების შემთხვევაში, მანქანას მოდიფიცირება ჩაუტარდება, რის შემდეგაც „ბლადჰაუნდი“ უკვე სარეკორდო გარბენების შესასრულებლად გაემგზავრება სამხრეთ აფრიკაში.

No comments:

Post a Comment