Tuesday, June 24, 2014

ჰამილტონი ნელ პიტ სტოპებს არ შეუფერხებია

Lewis Hamilton accepts slow pitstops didn't prevent him beating Nico Rosberg in Austria
23 ივნისი
ავსტრიის დიდი პრიზის რბოლის ბოლოს, ლუის ჰამილტონი გამარჯვებულ თანაგუნდელ ნიკო როსბერგს თითქმის ორი წამით ჩამორჩა და გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ ორივე შედარებით ნელი პიტ სტოპი რომ არა, ბრიტანელი რბოლას მოიგებდა. მაგრამ ჰამილტონმა თავადვე უარყო ეს მოსაზრება. არადა, ორი პიტ სტოპის ჯამში, როსბერგთან შედარებით, მან სწორედ ის 1.9 წამი დაკარგა, რამდენიც ფინიშზე მოსაგებად არ ეყო.
„ერთ-ერთი პიტ სტოპის დროს, ბიჭებს მარცხენა წინა ბორბალთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ. ჯამში დაახლოებით ორი წამი დამეკარგა, რაც ძალიან ძვირად ფასობდა, მაგრამ ეს ორი წამი პირველზე მაინც ვერ გამიყვანდა“, - ამბობს ჰამილტონი, რომლის მანქანის მარჯვენა წინ ბორბლიდანაც, ერთ-ერთი პიტ სტოპის დროს, ცეცხლის ალმა გამოჰყო ენა. მაგრამ ბედად მუხრუჭება არ დამწვარა და ბრიტანელმაც რბოლის გაგრძელება შეძლო.
ჰამილტონის მოსაზრება გაიზიარა „მერსედესის“ გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ლუისმა რბოლა კვალიფიკაციაში მეცხრე დროის ჩვენებით წააგო და არა იმ ორი შეცდომით, რომლებიც მისმა გუნდმა რეზინის შეცვლისას დაუშვა: „რა თქმა უნდა, ლუისმა პიტ სტოპებისას დრო დაკარგა, მაგრამ ფაქტია, რომ რბოლა კვალიფიკაციაშივე წააგო. მან წარმოუდგენელი პირველი წრე გაიარა, მაგრამ ჩვენი გათვლებით, მას მაქსიმუმ მეორე ადგილი უნდა დაეკავებინა და ასეც მოხდა, მეორეზე გავიდა“.
მოკლედ, ავსტრიაში რბოლის შემდეგ, როსბერგმა კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა და ახლა ჰამილტონს 29 ქულას უგებს. ბრიტანელისთვის ცუდია ისიც, რომ მან ზედიზედ მესამე რბოლა წააგო. თუმცა, თავად მრბოლი ამბობს, რომ მანქანმ შესანიშნავად იმუშავა, რაც მას მომავალი რბოლებისთვის ოპტიმიზმით განაწყობს.
„მე ყოველთვის ვცდილობ მიღებული გაკვეთილებისას სწავლას. ბევრი ქულა დავკარგე იმით, რომ ორი რბოლა ვერ დავასრულე. მაგრამ სეზონის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა. ამ რბოლაშიც ბევრი პოზიტივი მივიღე. კარგი სიჩქარე მქონდა და მართალია, ეს პოტენციალი სრულად ვერ გამოვიყენე, მაგრამ ამას შემდეგ რბოლებში გავითვალისწინებ“, - ამბობს ჰამილტონი.
შემდეგი რბოლა კი მისთვის საშინაო სილვერსტოუნზეა, სადაც გასულ სეზონში პოული კი მოიპოვა, მაგრამ იქ ერთადერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული და ისიც მისთვის საჩემპიონო, 2008 წელს. 

No comments:

Post a Comment