Saturday, June 21, 2014

მასამ და „უილიამსმა“ ფორმულა ერთი გამოაცოცხლეს

Motor racing-Massa puts Williams on pole in Austria
21 ივნისი
მასას მართლა გაუმართლა. იმიტომ კი არა, რომ ავსტრიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის გადამწყვეტ მომენტში ლუის ჰამილტონი შეცდა და პოულისთვის ბრძოლა არ გამოუვიდა. იმიტომ, რომ „ფერარიმ“ გასული სეზონის ბოლოს მის ადგილზე კიმი რაიკონენი მიიწვია. გასული სეზონი „უილიამსისთვის“ ძალიან რთული და ალბათ მის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იყო. მაგრამ წელს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, იმდენად, რომ ავსტრიაში, სტარტის პირველ რიგში სწორედ მისი ორი პილოტი დადგება. მხოლოდ მათ შემდეგ იქნება ნიკო როსბერგი.
მოკლედ, „მერსედესის“ საკვალიფიკაციო დომინაცია „უილიამსის“ პილოტებმა დაასრულეს. ორი კვირით ადრე, დანიელ რიკარდომ კანადაში დააპაუზა სამქიმიანთა გამარჯვებების სერია, ახლა კი ეს კვალიფიკაციაზეც მოხდა. თუმცა, ამჯერად „უილიამსის“ წარმატებაში, „მერსედესის“ ხელი (ძრავი) მაინც ურევია. მოკლედ, კანადასა და ავსტრიაში ფორმულა ერთი ცოტა გამოცოცხლდა...
მასამ კვალიფიკაცია 2008 წლის შემდეგ პირველად მოიგო. ეს ამ სეზონში პირველი შემთხვევაა, როცა „მერსედესმა“ ვერ შეძლო პოულის დაკავება. „უილიამსი“ კი პირველი რიგიდან 2012 წლის (პასტორ მალდონადო, ესპანეთის დიდი პრიზი) შემდეგ პირველად აიღებს სტარტს. და თუ მალდონადოს ბარსელონური გაელვება პრაქტიკულად ერთჯერადი გამოდგა, ამჯერად „უილიამსის“ წარმტება უფრო საფუძვლიანია - ბრიტანულმა გუნდმა შპილბერგამდე არაერთხელ დაამტკიცა, რომ კონკურენტუნარიანია.

„დღეს „უილიამსი“ მწვერვალზე დაბრუნდა, ისინი დაბრუნდნენ, რათა იბრძოლონ. მე საკუთარი თავითაც და გუნდითაც კმაყოფილი ვარ“, - ამბობს მასა და დასძენს: „იმედი მაქვს, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გუნდს ახალი, დიდი შესაძლებლობების დრო დაუდგა. მე ვიმედოვნებ, რომ ამ პოზიციაზე კიდევ არაერთხელ ვიქნები“.
შეგახსენებთ, რომ მასას 2009 წელს, უნგრულ კვალიფიკაციაზე, უმძიმესი ინციდენტი შეემთხვა, რამაც მისი სიცოცხლე სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა. მას შემდეგ, მასას თავი აღარც გამოუჩენია და ერთთავად ფერნანდო ალონსოს ჩრდილში აღმოჩნდა. თუმცა, პერიოდულად მაინც ახერხებდა ბრძლას. და როცა „ფერარიმ“ დაითხოვა, ბევრმა ჩათვალა, რომ ბრაზილიელის ფ1-ის კარიერა დასასრულს უახლოვდება...
მასასგან განსხვავებით, ფიასკო განიცადა „მერსედესის“ ლუის ჰამილტონმა, ვინც კვალიფიკაციის მესამე სექციის ორივე ცდა გააფუჭა და საბოლოოდ, დროის დაფიქსირებაც კი ვერ შეძლო. საბოლოოდ, ის რბოლას მეცხრე პოზიციიდან დაიწყებს. პირველ ცდაზე მან ბოლო მოსახვევში ოთხივე ბორბლით გადაკვეთა ტრასის უკიდურესი ზოლი, რის გამოც, სტიუარდებმა შედეგი არ ჩაუთვალეს. მეორე ცდაზე კი, ერთ-ერთ მოსახვევში შეცდა და ფინიშის ხაზი აღარც გადაუკვეთავს.
„ეს უბრალოდ, ორი არცთუ კარგი წრე იყო. ან უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი - ერთი და მეოთხედი წრე. მეორე წრე ვერც დავასრულე. პირველი წრე თითქოს კარგი იყო, მაგრამ ბოლო მოსახვევში ვერ ჩავეტიე. ვფიქრობ, ეს წრე უნდა ჩაეთვალათ. რბოლაში ძლიერები ვიქნებით. ძალიან, ძალიან რთული რბოლა იქნება, რადგან წინ რამდენიმე მეტოქე მეყოლება. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ გუნდს ბევრი ქულა შევძინო“, - ამბობს ჰამილტონი.
კიდევ უფრო უარესი შედეგით დაასრულა კვალიფიკაცია მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა, რომელმაც მეორე სექტორის გადალახვაც კი ვერ შესძლო და მე-13 ადგილს დასჯერდა. ეს იმ დროს, როცა დანიელ რიკარდომ მეხუთე დროით დაასრულა რბოლა. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელმა ორი კვირის წინათ, კანადაში გაიმარჯვა.
„უკმაყოფილო ვარ. რა თქმა უნდა, რბოლაში ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ის სიჩქარე არ გვაქვს, რასაც ვისურვებდით“, - განაცხადა ფეტელმა, ვინც ერთი ადგილით წინ სტარტამდე წაიწევს, რადგან სერხიო პერესს ხუთადგილიანი ჯარიმა მონრეალიდან აქვს გამოყოლილი. სხვათა შორის, სტიუარდებმა პერესის და მასას კანადური ინციდენტი მეორედ განიხილეს და ჯარიმა ძალაში დატოვეს - მათ ჩათვალეს, რომ მექსიკელმა უჩვეულოდ ადრე დაამუხრუჭა, რასაც მოჰყვა კიდეც მისი და მასას შეჯახება.
დაბოლოს. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „უილიამსის“ ორივე პილოტმა რბოლა წინა რიგიდან დაიწყო (გერმანიაში). სწორედ 11 წელია გასული მას შემდეგ, რაც ავსტრიული დიდი პრიზი ბოლოს ჩატარდა. ცნობისათვის, გასულ სეზონში „უილიამსმა“ მხოლოდ ხუთი ქულის აღება შეძლო და კონსტრუქტორთა თასი მეცხრე ადგილზე დაასრულა. ამჯერად კი მათს მონაგარში უკვე 58 ქულაა.

ავსტრიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:08.759
2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:08.846
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:08.944
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:09.285
5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:09.466
6. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:09.515
7. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                      1:09.619
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:10.795
9. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           დროის გარეშე
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:09.754 *
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:09.780
13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:09.801
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:09.939
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:10.073
16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:10.642
- - - - - - - - - -
17. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:10.825
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:11.349
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:11.412
20. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:11.673
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:11.775
22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:12.673


* - პერესი სტარტს 5 ადგილით უკნიდან აიღებს (მონრეალიდან გამოყოლილი ჯარიმა)

No comments:

Post a Comment