Sunday, June 15, 2014

„აუდიმ“ ლე მანი მეცამეტედ მოიგო

UPDATE 1-Motor racing-Audi win Le Mans for 13th time
15 ივნისი
„აუდის“ გამარჯვებით დასრულდა ლე მანის 82-ე 24-საათიანი რბოლა, რომლის ფინიშთანაც, პირველი ორი გერმანული კომპანიის ჰიბრიდული სპორტული პროტოტიპი მივიდა. მესამე ადგილი კი „ტოიოტას“ ეკიპაჟმა დაიკავა. ეს ლე მანზე „აუდის“ მე-13 გამარჯვებაა და ზედიზედ მეხუთე. სამწუხაროდ, წარუმატებელი გამოდგა ლე მანზე „პორშეს“ დაბრუნება - ცუფენჰაუზენელთა ორი ეკიპაჟიდან ფინშს მხოლოდ ერთმა მიაღწია და ისიც, ტექნიკური პრობლემების გამო, მხოლოდ 37-ე ადგილზე.
გამარჯვებული ეკიპაჟის საჭეს მონაცვლეობით მართავდნენ შვეიცარიელი მარსელ ფასლერი, ფრანგი ბენუა ტრელუიე და გერმანელი ანდრე ლოტერერი. მეორე ადგილზე გასული, პირველი ნომერი ეკიპაჟის წევრები არიან ლე მანის ცხრაგზის გამარჯვებული, დანიელი ტომ კრისტენსენი, ესპანელი მარკ ჟენე და ბრაზილიელი ლუკას დი გრასი. „ტოიოტას“ მესამეადგილოსანი ეკიპაჟის წევრები არიან ბრიტანელი ენტონი დევიდსონი, ფრანგი ნიკოლას ლაპიერი და შვეიცარიელი სებასტიან ბუემი.
ყველაზე პრესტიჟულ, LMP1 კლასში, სამი კომპანიის შვიდი ეკიპაჟი მონაწილეობდა. მათგან მხოლოდ „აუდის“ ჰყავდა სამი მანქანა, „ტოიოტას“ და „პორშეს“ კი ორ-ორი. რბოლის განმავლობაში შვიდივეს პრობლემები შეექმნა. სტარტიდან უკვე ორი საათის შემდეგ, ძლიერი წვიმა წამოვიდა, რამაც ორი ავარია და ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა გამოიწვია.


რბოლის მეორე ნაწილში, „აუდის“ და „პორშეს“ ეკიპაჟები დომინირებდნენ. 16 საათის შემდეგ, ლიდერი კრისტენსენის ეკიპაჟი იყო, როცა „აუდიმ“ გარაჟში მეორე ნომრით მოასპარეზე ეკიპაჟი იხმო. მიზეზი ტურბოკომპრესორის პრობლემა გახდა. ფინიშამდე სამი საათით ადრე, მსგავსი პრობლემა ლიდერ „აუდისაც“ შეექმნა. მის რემონტს დაახლოებით 17 წუთი დასჭირდა, რისი წყალობითაც, ავსტრალიელი მარკ ვებერის, გერმაენლი ტიმო ბერნჰარდტის და ახალზელანდიელი ბრენდონ ჰარტლის „პორშე“ დაწინაურდა.


მაგრამ პრობლემები „პორშესაც“ შეექმნა, რის გამოც, საბოლოოდ 37-ე ადგილს დასჯერდა. „აუდის“ მეორე ნომრით მოასპარეზე ეკიპაჟმა კი ფინიშამდე ორი საათით ადრე დაიბრუნა ლიდერობა და ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია.


საინტერესოა, რომ მხოლოდ ხუთი წრის გავლა შეძლო ნულოვანი ნომრით მოასპარეზე, 56-ე გარაჟის ექსპერიმენტული პროტოტიპით მოასპარეზე „ნისან ZEOD-მა“, რომელმაც ასევე ტექნიკური პრობლემების გამო შეწყვიტა ასპარეზობა.


დაბოლოს, მართალია ბოლო წლებში ლე მანზე „აუდის“ბადალი არ ჰყავს, მაგრამ ამ ლეგენდარულ რბოლაში ყველაზე მეტი, 16 გამარჯვება „პორშეს“ აქვს მოპოვებული, რომელიც სარტეს ტრეკს 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

No comments:

Post a Comment