Wednesday, June 11, 2014

ბრიატორე „ფერარის“ ბრიტანეთში გადასვლას ურჩევს

Mercedes' Cowell also said no to Ferrari – report
11 ივნისი
ფლავიო ბრიატორეს თქმით, „ფერარის“ ძალიან ძვირად უჯდება ის ფაქტი, რომ ბრიტანეთში არაა ბაზირებული. ის დარწმუნებულია, რომ თუ სახელოვანი იტალიური გუნდი მარანელოდან ალბიონზე გადაბარგდება, ბევრი პრობლემის მოგვარებას შეძლებს. მაგალითად, წამყვანი ბრიტანელი ინჟინრების გადაბირება არ გაუჭირდება.
„ჩემი აზრით, „ფერარის“ ბაზა ბრიტანეთში უნდა ჰქონდეს, სადაც თანამედროვე ფორმულა ერთისთვის საჭირო ტექნოლოგიებია კონცენტრირებული. მარანელოში ძნელია ეფექტური გუნდის შექმნა, რაც ბრიტანეთიდან გამოცდილი ინჟინრების გადაბირების გარეშე შეუძლებელია“, - ამბობს „ბენეტონის“ და „რენოს“ ფ1-ის გუნდების ყოფილი შეფი.
ახლახანს „ფერარიმ“ წარმოუდგენლად ხელსაყრელი პირობები შესთავაზა „რედ ბულის“ მთავარ ინჟინერ ედრიან ნიუის, რომელსაც 30-მილიონიანი ხელფასის გარდა, სრულ შემოქმედებით თავისუფლებასაც სთავაზობდა. უფრო მეტიც, „სკუდერია“ თანახმა იყო, ნიუისთვის მრავალპროფილიანი ტექნიკური ცენტრიც კი მოეწყო. მაგრამ მისგან კიდევ ერთხელ მიიღო უარი.
კანადური რბოლის შემდეგ კი, იტალიურმა გამოცემა „ავტოსპრინტმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ფერარი“ უარით „მერსედესის“ ძრავების მთავარმა შემოქმედმა, კიდევ ერთმა ბრიტანელმა, ენდი კოუელმაც გაისტუმრა. ამას მოჰყვა ბრიატორეს კიდევ ერთი რეპლიკა. მისი თქმით, ამ სეზონში „ფერარი“ ღრმა კრიზისშია და ამ კრიზისის დაძლევის შანსიც კი დაკარგა.
„პრობლემა ისევ ბაზის ადგილმდებარეობაა. მარანელო ნამდვილად არ არის ფ1-ის სამყაროს ცენტრი. ის ინგლისშია. ჩემი აზრით, „ფერარის“ გუნდის სერიოზული რესტრუქტურიზაცია ესაჭიროება. ყველაფერი პერსონალის ბრალია? არა! ეს არასწორი ორგანიზების ბრალია. ჩვენ ვიცით, ვინ არიან ამ საქმეში საუკეთესოები. მათი იტალიაში ჩაყვანა კი პრობლემაა“, - იტალიურ რადიო „მიქს24-თან“ საუბრისას განაცხადა ბრიატორემ.

No comments:

Post a Comment