Wednesday, June 25, 2014

„მაკლარენი“ გუდვუდში „650S სპაიდერს“ გვიჩვენებს

McLaren 650S Spider Inspired by MSO Concept to be Revealed at Goodwood
25 ივნისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი „მაკლარენისთვისაა“, რომელიც იქ ორ ახალ ავტომობილს წარადგენს. უფრო სწორედ, თავისი ორი სერიული მოდელის სპეც ვერსიას. მათგან ერთი უოკინგელებმა პრემიერამდე გაგვაცნეს. ესაა უახლესი 650S-ის ვერსია „650S სპაიდერი“, რომელიც მხოლოდ 50 ცალი, კუპესა და როდსტერის ძარით დამზადდება.
„650S სპაიდერის“ გარეგნობის შემუშავებაში მონაწილეობა „მაკლარენ ავტომოტივის“ დიზაინის დირექტორმა ფრენკ სტივენსონმა მიიღო. მას სერიულ მოდელეთან შედარებით რამდენიმე განმასხვავებელი ელემენტი აქვს. მათ შორისაა უკან ბამპერი, რომელიც უფრო ზორბა დიფუზორს ადგას თავზე. გარდა ამისა, გვერდითა ჰაერის ამღებ ლაყუჩებს სექციები აქვს დამატებული. სიახლეა ალუმინის 10-წკირიანი ძალიან მსუბუქი ბორბლები.
„650S სპაიდერისთვის“ სამი ძირითადი (ექსკლუზიური) ფერია განსაზღვრული. ესენია „პაპაია სპარკი“, „ეგრიგენ ბლექი“ და „სარიგენ კვარცი“. პირველი „მაკლარენისთვის“ ჩვეული, ფორთოხლისფერია, მეორე ფერი კომპანიამ უკვე გამოიყენა ამავე ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიაზე და როგორც მისი სახელი გვეუბნება, შავი სტელსის ფერია. მესამე კი არის ვერცხლისფერი მეტალიკი და ის სიახლეა MSO-სთვის.
უოკინგელები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ ძრავის მახასიათებლებზე. იმის თქმა კი ახლავე შეიძლება, რომ ეს ისევ ის 3.8-ლიტრიანი წყვილი ტურბოთი აღჭურვილი V8 აგრეგატია, რომელიც ბრიტანული კომპანიის ყველა დანარჩენ ავტომობილზეც გვხვდება. სერიულ 650S-ზე ის 650 ცხენის ძალას და 678 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავს კი ორქუროიანი გადაბმულობით, 7-საფეხურიანი რობოტი უკავშირდება. ამ ეკიპირებით ავტომობილს ადგილიდან ასის მისაღწევად 3.0 წამი სჭირდბა, ორასს 8.4 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი არის 333 კმ/სთ.
დაბოლოს, „650S სპაიდერის“  კუპეს ძარიანი ვერსიის ფასი 252 500 გირვანქა სტერლინგია (დაახლოებით 428 000 დოლარი), როდსტერის ძარიანის ფასი კი 272 500 გირვანქა სტერლინგია (დაახლოებით 462 000 დოლარი).

No comments:

Post a Comment