Wednesday, June 25, 2014

„ფორდის“ 1.0-ლიტრიანი ეკობუსტი ისევ მსოფლიოს საუკეთესო ძრავია

Ford 1.0-liter EcoBoost Wins Overall Engine of the Year Award
25 ივნისი
„ფორდის“ 1.0-ლიტრიან, სერია ეკობუსტის სამცილინდრიან ტურბო აგრეგატს, ზედიზედ მესამედ მიენიჭა წლის საუკეთესო ძრავის ტიტული. ამგვარად, მის ყოველ ცილინდრზე უკვე თითო ასეთი აღიარება მოდის. და ის მითუფრო მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ჟიურის წევრები, მთელს მსოფლიოში აღიარებული საავტომობილო თემაზე მომუშავე ჟურნალისტები არიან. როგორც კონკურსის თანათავმჯდომარე დინ სლავნიჩი ამბობს, „ეს მიღწევა 1.0-ლიტრიან ეკობუსტს არამარტო სამუდამოდ დაამკვიდრებს ავტოინდუსტრიის ისტორიაში, არამედ კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ეს არის ძრავების ინჟინერიის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში“.
კონკურსის შედეგებით, ცისფერი ოვალის პატარა აგრეგატმა 351 ქულა დააგროვა და კარგა შორს ჩამოიტოვა „ფერარის“ 4.5-ლიტრიანი V8, რომელსაც 281 ქულა ერგო. შემდეგ ადგილებზე გავიდა: „ფოლკსვაგენის“ 1.4-ლიტრიანი TSI (254 ქულა), „მერსედეს-AMG-ს“ 2.0-ლიტრიანი ტურბო (252 ქულა) და „ტესლას“ ელექტრო ძრავი (225 ქულა). კონკურსის მასშტაბურობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მის ჟიურიში 35 ქვეყნის 82 ჟურნალისტი შედიოდა.
„ფორდის“ ამ პატარა ძრავში, რომლის ერთ-ერთი ბოლო ვერსიაც, 140 ცხენის ძალას ავითარებს, შესანიშნავი მახასიათებლები და საწვავის ეფექტური მოხმარებაა შერწყმული. მას უფრო მეტი ლიტრული სიმძლავრე აქვს, ვიდრე „ბუგატი ვეირონის“ 8.0-ლიტრიან ოთხ ტურბოიან W16-ს. ამასთან, მისით აღჭურვილი „ფიესტა“ ას კილომეტრზე მხოლოდ 4.5 ლიტრ საწვავს მოიხმარს და ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 9.0 წამში ავითარებს.
თუ ესეც არაა საკმარისი: მისი მცირე ინრციის მქონ ტურბოკომპრესორი წუთში მაქსიმუმ 248 000 ბრუნს ასრულებს, ეს კი 4 000-ით მეტია იმ კომპრესორების ბრუნვებზე, რომლებსაც ფორმულა 1-ის ახალ ტურბო აგრეგატებზე იყენებენ. 140-ცხენისძალიან ძრავზე გამოყენებული ტურბინა, მაქსიმუმ 1.6 ბარ წნევაზე მუშაობს.
ეს სამცილინდრიანი ძრავი „ფორდმა“ პირველად 2012 წელს გამოიყენა ჰეჩბეკ „ფოკუსზე“. შემდეგ კი მისით თავისი არაერთი მოდელი აღჭურვა, მათ შორის: „ფიესტა“, „ეკოსპორტი“, „B-მაქსი“, „C-მაქსი“, „გრან C-მაქსი“, „ტურნეო კონექტი“, „ტურნეო კურიერი“, „ტრანზიტ კონექტი“ და „ტრანზიტ კურიერი“. ამჟამად ამ ძრავს აწარმოებენ კიოლნის (გერმანია), ჩონქინის (ჩინეთი) და კრაიოვას (რუმინეთი) ქარხნები. სერია ეკობუსტის ყველაზე პატარა ძრავით აღჭურვილი ავტომობილები, მსოფლიოს 72 ქვეყანაში იყიდება.

No comments:

Post a Comment