Saturday, May 24, 2014

„ნისანი“ ლე მანზე პროტოტიპ „GT-R LM ნისმოთი“ იასპარეზებს

Nissan to Fight Audi, Porsche in the 2015 Le Mans 24 Hours with GT-R LM Nismo
24 მაისი
ლე მანის 24-საათიან რბოლას მალე კიდევ ერთი დიდი ავტომწარმოებელი შეემატება - მომავალი სეზონიდან, პროტოტიპების კლასში გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში „ნისანიც“ იასპარეზებს. იაპონურმა კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ LM P1 კატეგორიის სარბოლ ავტომობილს ამზადებს და უპირველეს მიზნად, ლე მანზე გამარჯვებას ისახავს. ამგვარად, ლე მანზე „აუდის“, „პორშეს“ და „ტოიოტას“ მალე კიდევ ერთი სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდებათ.
„ნისანი“ აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატსა და ლე მანზე ორ პროტოტიპს გამოიყვანს, რომლებსაც „GT-R LM ნისმო“ უწოდა. სახელში GT-R-ის არსებობა, ამ სუპერ ავტომობილთან ნათესაობაზე მიგვანიშნებს. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ნათესაობა, ამაზე იაპონური კომპანია ჯერ არაფერს ამბობს. სამაგიეროდ, პრეზენტაციაზე ითქვა, რომ „ნისანი“ კონკურენტებისგან რადიკალურად განსხვავებულ გზას ირჩევს.
„ჩვენ გვინდა, რომ გამარჯვებას, კონკურენტებისგან განსხვავებული გზით მივაღწიოთ. ჩვენი ავტომობილი, ძირეულად განსხვავებული ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება, რომელიც ერთი შეხედვით, „პორშეს“, „აუდის“ და „ტოიოტას“ სისტემებს ჰგავს. ჩემი ხედვით, ისინი ერთნაირია, მაგრამ ჩვენ თავიდანვე განსხვავებული ვარიანტი ავირჩიეთ“, - ამბობს „ნისანის“ დაგეგმვის ოფისის შეფი და კომპანიის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ენდი პალმერი.
იაპონური კომპანია აცხადებს, რომ ლე მანზე „დაუსრულებელი საქმე“ აქვს და სწორედ ამისათვის ბრუნდება. ეს კი ერთადერთი რამ შეიძლება იყოს - ლეგენდარულ რბოლაში გამარჯვება. „GT-R LM ნისმო“ გლობალური პროექტია და მასში იაპონელი ინჟინრების გარდა, ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.
„გვერწმუნეთ, ეს არის ავტომობილი, რომელიც ავტოსპორტის ისტორიაში შევა და მას დიდხანს დაიმახსოვრებენ არამხოლოდ იმიტომ, რომ ლე მანის რბოლას მოიგებს, არამედ იმიტომაც, რომ ის წინ წამოსწევს „ნისმოს“ მნიშვნელობას, როგორც მეკავშირისას სპორტულ წარმატებებსა და საგზაო ავტომობილების წარმატებულ ბიზნესს შორის“, - დასძენს პალმერი.

No comments:

Post a Comment