Tuesday, May 27, 2014

„კატერჰემ სევენ კამუი კობაიაში“ - მხოლოდ იაპონიისთვის

New Caterham Seven Kamui Kobayashi Limited Edition for Japan Only
27 მაისი
როდესაც ისეთი პატარა კომპანია, როგორიც „კატერჰემია“, თავისი მოდელების სპეც ვერსიების გამოშვებას აპირებს, ეს ნამდვილ მოვლენად იქცევა ხოლმე. მითუმეტეს, თუ ეს სპეც ვერსია ფორმულა ერთის პილოტის სახელობისაა. კატერჰემს კი აქვს იმის ფუფუნება, რომ თავის კლიენტს მაგალითად, კამუი კობაიაშის სახელობის ავტომობილი შესთავაზოს. თუნდაც მხოლოდ ათი ცალი და თუნდაც, მხოლოდ იაპონიის ბაზარზე.
ბრიტანულმა კომპანიამ იაპონურ ბაზარს „კატერჰემ სევენ კამუი კობაიაში ლიმიტედ ედიშნ“ წარუდგინა, რომელშიც რჩეულ მყიდველს 6 000 000 იენის (ახლანდელი კურსით, დაახლოებით 58 900 დოლარი, 43 200 ევრო) გადახდა მოუწევს. ვინც არ იცის - კობაიაში „კატერჰემის“ ფორმულა ერთის გუნდის პილოტია. და მისი სახელი ავტომობილს ტყუილად არ ჰქვია - კამუი მისი სრულყოფის პროცესში მონაწილეობდა.
სპეციალური ავტომობილი, „კატერჰემ სევენ 250 R-ის“ ბაზაზეა დამზადებული. ის „ფორდის“ სერია „სიგმას“ 1.6-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 125 ცხენის ძალაა. ძრავთან წყვილში მუშაობს 6-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისია, რომელიც უკანა ბორბლებს, გაზრდილი ხახუნის მქონე დიფერენციალის საშუალებით უკავშირდება. ამ აღჭურვილობით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 196 კმ/სთ-ია.
გარეგნულად ავტომობილი არ შეცვლილა. ის შავად შეღებეს, ბორბლის თაღები კი მწვანე აქვს და ეს ფერი ძარის შავზე როცა ირეკლება, ისეთ ეფექტს ქმნის, რომ ძარა შავ და მწვანე გარდამავალ ფერებშია შესრულებული. ყველა მოდელს ცხვირზე სტილიზებული 10 აწერია, რადიატორის ცხაურზე კი ბევრისთვის საოცნებო ნიშანი - 7. მანქანა ერთადგილიანია. ომ ადგილს, სადაც მგზავრი უნდა იჯდეს, ძარის დამატებითი ელემენტი ფარავს, რაც აეროდინამიკას აუმჯობესებს. შესაბამისად, დამცავი რკალიც მხოლოდ მძღოლის მხარეს იცავს. სპეციალური ვერსია შავი ფერის, 13-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომელსაც გარე ვერცხლისფერი სარტყელი აქვს.
სალონში უხვადაა გამოყენებული კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული დეტალები. მათ შორის, მაჩვენბლების დაფა, რომელსაც წარწერა Kamui ამშვენებს. იგივე წარწერას სარბოლო ყაიდის სავარძლის თავის მისაყრდნობზეც აღმოაჩენთ. მაჩვენებლების დაფა სიმარტივით და ძველებური მაჩვენებლებით გამოირჩევა. სავარძელი უსაფრთხოების ოთხწერტილოვანი ღვედებითაა აღჭურვილი.

„ჩემთვის „კატერჰემ სევენი“ სუფთა მანქანაა - მისი მართვისას, არ გეუფლება შეგრძნება, რომ ის გმართავს. შენ მართავ მას და არა ის შენ. ჩემს „კატერჰემის“ ფ1-ის მანქანაში ყველაფერს ელექტრონიკა აკონტროლებს. მაგრამ „სევენის“ შემთხვევაში სულ სხვა სიტუაციაა. ის მანქანის შეგრძნებას იძლევა, მისი მართვა კი ნამდვილ სიამოვნებას განიჭებს. იმედი მაქვს, ჩემი სახელობის სპეც ვერსია, ამ ისედაც შესანიშნავ ავტომობილს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის“, - ამბობს კამუი კობაიაში.

No comments:

Post a Comment