Friday, May 2, 2014

„ტრაიდენტ აისინი“ - დიზელის სუპერ ავტომობილი

Trident Unveils Iceni Magna and Venturer 6.6-liter V8 Diesel Sports Cars
2 მაისი
ლე მანის რბოლებში „აუდიმ“ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სარბოლო ტექნიკასა და სუპერ ავტომობილებში, დიზელის აგრეგატები უსამართლოდ არის შეუფასებელი. ასეთ აგრეგატებს ძალიან იშვიათად იყენებენ. მაგრამ არის ერთი ბრიტანული კომპანია, სახელად „ტრაიდენტი“, რომლის საწარმოო პროგრამაშიც ძირითად ადგილს, სწორედ დიზელის ძრავით აღჭურვილი ავტომობილი იკავებს.
ეს არის მოდელი სახელად „ტრაიდენტ აისინი“, რომელსაც მწარმოებელი ორი ტიპის ძარით გვთავაზობს. ამათგან ერთია ფასტბეკი და მას „მაგნა“ ჰქვია, მეორე კი - უნივერსალი, სახელად „ვენჩურერი“. ახლახანს „ტრაიდენტმა“ გამოაცხადა, რომ „აისინზე“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეკვეთების მიღება დაწყებულია. ბრიტანეთში ავტომობილის სასტარტო ფასი კი 96 000 გირვანქა სტერლინგია (დაახლოებით 116 400 ევრო).
„აისინი“ აღჭურვილია „ჯენერალ მოტორსის“ წარმოების დიზელზე მომუშავე 6.6-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 395 ცხენის ძალას და 948 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ეს ძრავი იმითაცაა საინტერესო, რომ ჩვეულებრივი დიზელის გარდა, ბიოდიზელზეც მუშაობს. ძრავთან 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ამ ტანდემის წყალობით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 3.7 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 306 კმ/სთ-ია. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ავტომობილს ერთი სავსე ავზით 3 219 კილომეტრის გავლა შეუძლია.
„ტრაიდენტი“ აცხადებს, რომ ტრანსმისიაში მომენტის გამრავლების ტექნოლოგია აქვს გამოყენებული, რისი წყალობითაც, მაღალ სიჩქარეს და საწვავის ეკონომიურ ხარჯს მიაღწია. კერძოდ, ამ ტექნოლოგიის დახმარებით, ავტომობილის ხარჯი დაახლოებით 20 პროცენტით არის შემცირებული. კომპანიას ეს ტექნოლოგია დაპატენტებული აქვს და მას თავის ყველა სპორტულ ავტომობილზე იყენებს.

„ტრაიდენტი“ მყიდველს ძრავის კიდევ უფრო მძლავრ ვერსიასაც შესთავაზებს. მისი სიმძლავრე 436 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 1286 ნიუტონმეტრი. „აისინის“ სატრეკო ვერსია კი მამოძრავებელ ძალას ამავე ძრავის კიდევ უფრო ექსტრემალური ვერსიისგან მიიღებს. მისი სიმძლავრე 670 ცხენის ძალამდეა გაზრდილი, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 1422 ნიუტონმეტრია.

No comments:

Post a Comment