Thursday, May 29, 2014

„ფერარი“ ნიუის გადაბირების იმედს არ კარგავს

Ferrari not giving up on Newey – report
29 მაისი
მართალია, ახლახანს ედრიან ნიუიმ განაცხადა, „რედ ბულის“ დატოვებას არ ვაპირებო, მაგრამ „ფერარიში“ მაინც იხტიბარს არ იტეხენ და იმედი აქვთ, რომ გენიალური ინჟინრის გადაბირებას მაინც მოახერხებენ. უფრო მეტიც, „გაძეტა დელო სპორტის“ კორესპონდენტმა ლუიჯი პერნამ სპეციალური გეგმაც კი გამოაქვეყნა, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, „რედ ბულის“ ოთხი საჩემპიონო ბოლიდის მთავარ შემოქმედს მარანელოში ვიხილავთ.
სხვათა შორის, პერნა ირწმუნება, რომ მონკოს დიდი პრიზის შემდეგ, სადაც „რედ ბულმა“ გამოაცხადა, რომ 55 წლის ნიუი მათთან რჩება, „ფერარიმ“ ინჟინერს ახალი, ძალიან ხელსაყრელი კონტრაქტი შესთავაზა, რამაც შესაძლოა, ყველაფერი შეცვალოს. მთავარი ისაა, რომ იტალიური გუნდი ნიუის სრულ შემოქმედებით თავისუფლებას პირდება. გარდა ამისა, მხარდაჭერა აღუთქვა საკუთარი საგზაო სუპერ ავტომობილის შემუშავებაში. და პირდება, რომ თუ „ფერარი“ ლე მანის რბოლაში მონაწილეობას გადაწყვეტს, ნიუი ამ წამოწყებაშიც ჩართული იქნება! ეს ყველაფერი უკვე არის საკმარისი იმისათვის, რომ ნიუი დაინტერესდეს.
მაგრამ ამით შეთავაზებათა პაკეტი არ ამოწურულა. მთავარი ამ პაკეტში ანაზღაურებაა - წლიურად 20 მილიონი ევრო! „თუ ადრე „ფერარიში“ ნიუის გადასვლის ალბათობა ნულის ტოლი იყო, ამ შეთავაზების შემდეგ, ის 20-30 პროცენტამდე გაიზრდება“, - ამბობს პერნა. და დასძენს, რომ ახლა ყველაფერი ნიუიზეა დამოკიდებული.
უფრო მეტიც, რეპორტიორი წერს, რომ ნიუისთან ერთად, „ფერარიში“ სებასტიან ფეტელის გადასვლის ალბათობაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს ამ ეტაპზე „რედ ბულისადმი“ ერთგულების გრძნობაც აკავშირებს - თავისი ოთხივე ტიტული ხომ ავსტრიულ გუნდთან, მისი დიდი დახმარებით მოიპოვა.
„ძალიან მომწონს აქ ყოფნა და თანაც, ჩემი მიღწევების გამო, ჩემი გუნდის მადლიერი ვარ. პრობლემა არ უნდა იყოს იმის საბაბი, რომ რინგზე პირსახოცი გადმოაგდო. ბოლოს და ბოლოს, ჯერ მხოლოდ ექვსი რბოლა გავიარეთ და ყველაფერი არ დამთავრებულა“, - ამბობს ფეტელი, ვინც ფ1-ში თავისი კარიერა „ტორო როსოში“ დაიწყო, რომელიც „ფერარის“ ძრავებს იყენებდა. თავისი პირველი გამარჯვებაც სწორედ „ფერარის“ ძრავით აღჭურვილი მანქანით მოიპოვა და სწორდ ამის შემდეგ მიიქცია „რედ ბულის“ ყურადღება.
კურიოზი: ახლახანს, ფეტელმა ავსტრიის დიდი პრიზის საპრომოუშნო აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც გერჰარდ ბერგერის 1988 წლის „ფერარის“ ბოლიდს მართავდა. მანქანიდან გადმოსულმა, იტალიურად შესძახა - „ინკრედიბილე“ (არაჩვეულებრივია). ამის შემდეგ, „რედ ბულის“ ჰელმუტ მარკომ ჟურნალისტებს ხუმრობით მიმართა - შეგიძლიათ, ჩვენს მეგობრებს მარანელოში ჩუმად უთხრათ, რომ სებასტიანი ჩვენს მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე „ფერარის“ ბოლიდს მართავდაო.

No comments:

Post a Comment