Thursday, May 22, 2014

„რეინჯ როვერ სპორტი“ პლაგ-ინ ჰიბრიდით აღიჭურვება

Range Rover Sport Getting Performance Petrol PHEV Version
22 მაისი
„ლენდ როვერმა“ უკვე დაიწყო ჰიბრიდული სისტემების გამოყენება. მაგალითად, მყიდველს უკვე შეუძლია „რეინჯ როვერის“ და „რეინჯ როვერ სპორტის“ ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ვერსიების შეძენა. ახლახანს კი ჰიბრიდზაციის პროცესი გრძელბაზიან „რეინჯ როვერსაც“ შეეხო. ყველა შემთხვევაში, ჰიბრიდულ სისტემაში, დიზელის V6 ძრავებია გაერთიანებული. ოღონდ, ამ სისტემების ელექტრო ენერგიით დამუხტვა არ ხდება. ამასთან, ავტომობილი ელექტრო ძრავით მხოლოდ 48 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება და ამ დროს სვლის სიშორეც ძალიან შეზღუდულია - მხოლოდ 1.6 კილომეტრი.
მაგრამ მალე ეს ყველაფერი შეიცვლება. ბრიტანული კომპანია პლაგ-ინ სისტემაზე მუშაობს, რომლით აღჭურვილი „რეინჯ როვერ სპორტიც“ უკვე გადის ტესტებს გერმანიის ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე. ავტომობილი იქ მაღალი სიჩქარით გადაადგილდება და რაც მთავარია, ამ დროს არ იყენებს შიდაწვის ძრავს, ანუ ელექტრო ძრავით გადაადგილდება. ძნელი მისდახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ ავტომობილს ელექტრული ძალით მოძრაობისას, გაცილებით მეტი სვლის სიშორე აქვს, ვიდრე ზემოთ ნახსენებ ჰიბრიდებს - სხვანაირად, ჩრდილოური მარყუჟის 22 კილომეტრის გავლას ვერ შეძლებს.
წინასწარი მონაცემებით, ამ ავტომობილის ჰიბრიდულ სისტემაში ბენზინის ძრავი შედის, რომელსაც მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. ჯერ ამ სისტემის შესაძლებლობებზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა ერთი რამ ადრევე ითქვა - ყოველი კილომეტრის გავლისას, ეს ზორბა ავტომობილი ატმოსფეროს 100 გრამზე ნაკლები ნახშირორჟანგით დააბინძურებს.
ბენზინისძრავიანი პლაგ-ინ სისტემებით აღჭურვილი ავტომობილების წარმოებას სულ უფრო მეტი კომპანია ცდილობს. ამის მიზეზი ისაა, რომ ასეთი ავტომობილები კარგი დინამიკური მახასიათებლებითაც გამოირჩევა და გარემოსაც ნაკლებად აბინძურებს. ამასთან, ასეთი ავტომობილების მფლობელები საგადასახადო შეღავათებითაც სარგებლობენ.

No comments:

Post a Comment