Sunday, May 18, 2014

„როლს-როისი“ ახალ „ფანტომზე“ მუშაობს

Rolls-Royce starts work on all-new Phantom
18 მაისი
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ ინფორმაციით, „როლს-როისს“ დაწყებული აქვს მუშაობა ახალ „ფანტომზე“, რომელიც სავარაუდოდ, ბაზარზე სამი წლის შემდეგ გამოვა. როგორც კომპანიის დიზაინის შეფი ჟილ ტეილორი ამბობს, მისმა გუნდმა უკვე დაიწყო ახალი ავტომობილის ესკიზებზე მუშაობა. ამასთან, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, თუ როგორი აგებულება ექნება ახალ „ფანტომს“.
ახლანდელი ფლაგმანი უნიკალურ სივრცულ სტრუქტურაზეა აგებული. დიდი ალბათობით, ახალი „ფანტომი“ ძველ პლატფორმას არ დაიტოვებს. უფრო მეტიც, „ბეემვეს“ ხელმძღვანელობა კარბონის კომპოზიტისა და ალუმინის გამოყენებით, სრულიად ახალი პლატფორმის დამზადების მიზანშეწონილებას განიხილავს. ეს პლატფორმა იმავე ტექნოლოგიით აიგება, რომელსაც ბავარიელები თავიანთი ელექტრომობილების, i3-ის და i8-ს პლატფორმებისთვის იყენებენ.
რაც შეეხება ძრავს, აქ მთავაერი ისევ V12 აგრეგატი დარჩება, რომელსაც ბრიტანეთში აღარ გამოუშვებენ და გერმანიიდან მიიღებენ. გარდა ამისა, დდა იმის ალბათობა, რომ მეორე თაობის „ფანტომი“ პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემიტაც აღიჭურვება. ამჟამად ამ საკითხს „როლს-როისის“ ხელმძღვანელობა განიხილავს და სავარაუდოდ, დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
ჟენევის მოტორ შოუს დროს, „ავტოქართან“ საუბრისას, ტეილორმა განაცხადა, რომ ახალი „ფანტომი“, ახლანდელი მოდელისგან ვიზუალურად განსხვავებული იქნება. „ახლანდელი დიზაინი ვერ შეგვზღუდავს იმ თვალსაზრისით, რომ ახალი მოდელის სტილი განვავითაროთ. ჩვენ განვითარების ევოლუციურ გზას ავირჩევთ და ავტომობილის გარეგნობას თანამედროვე ხედვით გავამდიდრებთ. „ვრეიტით“ ჩვენ ბრენდის მოდერნიზება შევძელით - ფასტბეკის პროფილი თანამედროვე და აქტუალურია. პარალელურად იმაზე ვმუშაობთ, რომ ჩვენს მომავალ სტილს „ქარიზმატული გამომსახველობა“ შევძინოთ“, - ამბობს ტეილორი და დასძენს, რომ ახალ „ფანტომს“ რადიატორი, ფარები და ჰაერის ამღებები, ახლანდელისგან განსხვავებული ექნება. და ამას საერთო დიზაინი განაპირობებს.
ის ასევე ამბობს, რომ შასის სტრუქტურის კარბონისგან დამზადების საკითხი მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა „ბეემვე“ ნახშირბადოვანი ბოჭკოთი წარმოების საკმარისად მომარაგებას - 1000 ცალი ავტომობილისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობით ბოჭკო იქნება საჭირო, რაც ამ მასალის წარმოების ახლანდელი სიმძლავრეებით შეუძლებელია. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მალე ბავარიელები მის წარმოებასაც გაზრდიან.

No comments:

Post a Comment