Friday, May 30, 2014

ჰამილტონი: მე და ნიკო ისევ მეგობრები ვართ

Lewis Hamilton says he and Nico Rosberg 'still friends' after post-Monaco talks
30 მაისი
ლუის ჰამილტონმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ ნიკო როსბერგთან ყველაფერი გაარკვია და ისინი კვლავაც მეგობრებად რჩებიან. როგორც „მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი ვარაუდობდა, ბრიტანელს სიბრაზემ გადაუარა და თავის თანაგუნდელზე, ვისთანც ბავშვობიდან, კარტინგში გატარებული წლებიდან მეგობრობს, გული მოუბრუნდა.
მათ შორის ურთიერთობა მონაკოს დიდი პრიზის კვალიფიკაციის შემდეგ დაიძაბა. ჰამილტონმა ჩათვალა და ამის საფუძველიც ჰქონდა, რომ როსბერგმა სესიის მიწურულს, როცა საუკეთესო დრო ჰქონდა, გამიზნულად დაუშვა შეცდომა, რასაც ყვითელი ალმების აფრიალება და ტრასაზე მყოფი მანქანების შენელება მოჰყვა. სხვათა შორის, ამაში კიდევ უფრო დარწმუნდა მას შემდეგ, რაც როსბერგის მანქანის ტელემეტრიული ჩანაწერი ნახა.
მაგრამ როსბერგი სტიუარდებმა გაამართლეს, რაც საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ ჰამილტონს სიბრაზე დაეოკებინა. მან კი, რბოლის შემდეგ, როცა ნიკოსთან მეგობრობა შეახსენეს, განაცხადა, ჩვენ მეგობრები კი არა, კოლეგები ვართო. გავიდა ხუთი დღე და ჰამილტონი დამშვიდდა: „ჩვენ დიდი ხანია, ვმეგობრობთ და მეგობრობისას გართულებებიც ხდება ხოლმე. დღეს ვისაუბრეთ, დავმშვიდდით და მეგობრობას ვაგრძელებთ“. ჰამილტონმა თავის მოკლე განცხადებას ძველი ფოტოც დაურთო, რომელზეც ის და ნიკო ერთბორბლიან ველოსიპედზე არიან შემომსხდარნი.
მონაკოში ლაუდამ განაცხადა, ლუისს ერთი გამოძინება ეყოფა, რომ სიბრაზე დაიცხროსო. გამოძინება არა, მაგრამ თანაგუნდელთან გულახდილი საუბარი ყველაზე კარგი წამალი გამოდგა. ისიც უნდა ითქვას, რომ ლაუდა ამბობს, რომ თავის პილოტებს შორის დაძაბული მეტოქეობა გარდაუვალია. მაგრამ დასძენს, მთავარია, მათ შორის დიალოგი არ შეწყდესო.
„რა თქმა უნდა, მათ შორის დაძაბულობა იზრდება, მაგრამ მთავარია, ეს დაძაბულობა კონტროლიდან არ გამოვიდეს. ჩემი გამოცდლებიდან და ადრე ჩვენი პილოტების ურთიერთობიდან ვიცი, როდის ხდება ასე. და როცა ისინი დილით ერთმანეთს არ მიესალმებიან, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მათ შორის ურთიერთობა კონტროლს აღარ ექვემდებარება“, - ამბობს ლაუდა.

No comments:

Post a Comment