Thursday, May 29, 2014

„ტატა“ თავის „ლენდ როვერ ფრილენდერს“ გამოუშვებს

Land Rover Freelander set to become a Tata
29 მაისი
„ლენდ როვერი“ თავის პოპულარულ მოდელ „ფრილენდერს“ ცვლის. უფრო სწორედ, ამ სახელით ავტომობილს აღარ გამოუშვებს, მის შემცვლელს კი „დისქავერი სპორტის“ სახელით, „დისქავერის“ ოჯახში შეიყვანს. მაგრამ „ფრილენდრის“ ახლანდელი, მეორე თაობა ჯერაც ძალიან პოპულარულია. ასეთი ავტომობილის წარმოების უბრალოდ შეწყვეტა გაუმართლებელია.
არც შეწყდება - ავტომობილს „ტატა მოტორსი“ გამოუშვებს, კომპანია, რომელიც „იაგუარ ლენდ როვერს“ ფლობს. უფრო სწორედ, ინდური კომპანია „ფრილენდერის“ L359 პლატფორმაზე საკუთარ უგზოობის ავტომობილს გამოუშვებს. ამასთან, ინდოეთში, საკუთარ ქარხანაში გადაიტანს იმ მოწყობილობებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილის წარმოებისთვის დასჭირდება და რომლებიც „ლენდ როვერს“ „დისქავერი სპორტისთვის“ აღარ გამოადგება.
გამოცემა „ეკონომიკ ტაიმს ოფ ინდია“ წერს, რომ „ტატას“ 45 ინჟინერი უკვე მუშაობს ახალ ავტომობილზე, რომლის დებიუტიც 2016 წელს არის დაგეგმილი. წინასწარი მონაცემებით, „ფრილენდერის“ კონსტრუქცია „ტატასთვის“ სანახევროდ შეიცვლება. რაც მთავარია, ახალი ავტომობილი, „იაგუარ ლენდ როვერის“ ხარისხის სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
ამ ეტაპზე, ახალი ავტომობილის შიდასაქარხნო სახელწოდებაა Q5, მაგრამ ამ სახელით ის ბაზარზე ნამდვილად არ გამოვა, რადგან ის „აუდის“ ეკუთვნის. მაგრამ მთავარი ეს სულაც არაა. ავტომობილი ხუთ და შვიდადგილიანი ვერსიების სახით დამზადდება და მისი საბაზო ღირებულება 20 000 გირვანქა სტერლინგი იქნება. ეს კი თითქმის ორჯერ მეტია „ტატას“ ქროსოვერ „არიას“ ფასზე. ეს ავტომობილი იაფი კი ღირს, მაგრამ გაყიდვებში ეს სულაც ვერ შველის. Q5-ის დახმარებით კი ინდური კომპანია ფაქტობრივად პრემიუმ სეგმენტში შეაბიჯებს, თუმცა არაპრემიუმ ფასით.
დაკიდევ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ტატა“ და მისი ჯგუფის წევრი „იაგუარ ლენდ როვერი“ ერთმანეთს პლატფორმას უზიარებენ. შეგახსენებთ, რომ „ტატამ“ ორი ბრიტანული კომპანია „ფორდისგან“ ექვსი წლის წინათ გამოისყიდა და ერთ კომპანიაში გააერთიანა.

No comments:

Post a Comment