Monday, May 26, 2014

დათა ქაჯაია ლეგენდ სუპერკაპის ლიდერია

26 მაისი
ქართველი მრბოლები კონსტანტინე კოლიაშვილი და დათა ქაჯაია აგრძელებენ ევროპულ არენაზე წარმატებულ გამოსვლებს. ამჯერად ისინი სერია „აქსელერეიშნის“ ლეგენდ სუპერკაპის ჩემპიონატში ასპარეზობენ, რომლის მესამე ეტაპსაც, გერმანიის ნურბურგრინგმა უმასპინძლა. სერიის ფორმატის შესაბამისად, ამ ეტაპზეც ოთხი რბოლა გაიმართა - ორ-ორი შაბათს და კვირას, რომელთაგან ქაჯაიამ ერთი მოიგო, ორი მეორე ადგილზე დაასრულა და საერთო ჯამში, სერიის კლასიფიკაციას სათავეში მოექცა.
არადა, ნურბურგრინგზე გამოსვლები დათასთვის წარმატებულად ვერ ჩაითვლება და ეს იმის ბრალია, რომ მას ტექნიკამ უმტყუნა. პირველ რბოლაში გამარჯვების შემდეგ, დათა მეორეშიც ფავორიტთა შორის იყო, მაგრამ სამწუხაროდ, სტარტამდე, გასახურებელ წრეზე მის მანქანაზე ძრავი გამოვიდა მწყობრიდან და ჩვენმა მრბოლმა სტარტის აღებაც ვერ მოახერხა. სამწუხაროდ, პრობლემები ჰქონდა კოლიაშვილსაც, ვისაც ტექნიკასთან გამკლავება უწევდა და არა მეტოქეებთან.
კვირის ორივე რბოლაში დათას სხვისი მანქანით მოუწია ასპარეზობამ - მას თავისი სარბოლი ავტომობილი იტალიელმა ლუკა ბეტინიმ დაუთმო. როგორც მოგვიანებით დათამ განაცხადა, ახალი, „მოუთელავი“ მანქანის მართვა ცოტა გაუჭირდა, თუმცა ამის მიუხედავად, მესამე რბოლაში მხოლოდ ერთ მეტოქესთან, ირლანდიელ ნიკი მერედიტთან დამარცხდა. ფინიშზე ისინი 0.062 წამმა დააშორა. ისევე როგორც პირველ რბოლაში, კოლიაშვილი ამჯერადაც მეექვსე ადგილს დასჯერდა.

მეოთხე რბოლაც ანალოგიური სცენარით წარიმართა და დათამ ისევ მხოლოდ მერედიტთან წააგო. ამჯერად მათ შორის სხვაობა 0.056 წამი იყო. კოლიაშვილმა კი მეოთხე ადგილი დაიკავა. ჰოლანდიელმა იოჰან კრაანმა, ვისი გუნდის მანქანითაც ქაჯაიამ მესამე და მეოთხე რბოლებში იასპარეზა, მეოთხე რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა, მესამეში კი არ უასპარეზია.
სამი ეტაპის 12 რბოლის შემდეგ, ქაჯაიას 449 ქულა დაუგროვდა და ის დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს. მეორე ადგილზე მყოფი მერედიტის ანგარიშზე 393 ქულაა. მესამეზე კი ესპანელი დანიელ კამპოს ჰულია, რომელმაც ნურბურგრინგის ეტაპი გამოტოვა. კოლიაშვილს 239 ქულით მეხუთე ადგილი უკავია.

No comments:

Post a Comment