Sunday, May 25, 2014

როსბერგმა მონაკოში ისევ მოიგო და ლიდერობაც დაიბრუნა

Motor racing-Rosberg wins in Monaco to retake F1 lead
25 მაისი
„მერსედესის“ შიდაომი, რომელსაც ბევრი მიმომხილველი აქამდ ამაოდ ელოდა, შესაძლოა მონაკოს რბოლის შემდეგ დაიწყოს. ნიკო როსბერგმა ზედიზედ მეორედ მოიგო მონტე კარლოს ვიწრო ქუჩებში და ჩემპიონატის ლიდერის პოზიციაც დაიბრუნა, მაგრამ თანაგუნდელებს შორის შავმა კატამ უკვე (არაერთხელ) გაირბინა და შესაძლოა, ამის შემდეგ, მათ შორის უფრო უშეღავათო ბრძოლების მომსწრენი შევიქნეთ.
ჰამილტონს ვერაფრით მოუნელებია ის, რომ კვალიფიკაციის მოგების შანსი, როსბერგის შეცდომის გამო დაკარგა. თითქოს, სტიუარდების გადაწყვეტილება, არ დაეჯარიმებინათ გერმანელი მრბოლი - მათ ჩათვალეს, რომ ის გამიზნულად არ მოქცეულა, ჰამილტონისთვისაც საკმარისი უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა თქვა, ჰამილტონს გადაუვლის. ვნახოთ... ჯერჯერობით კი ბრიტანლმა ყველას გასაგონად თქვა (როსბერგზე), ჩვენ მეგობრები არ ვართ, ჩვენ კოლეგები ვართო...
მანამდე კი კანადაში როსბერგი ისევ ჩემპიონატის ლიდერის რანგში ეწვევა, ჰამილტონი კი ძელებურად (როგორც ყოველთვის) გამარჯვებაზე „დამშეული“ იქნება. ეს ყველაფერი კი საკმარისია იმისათვის, რომ მათ შორის ისევ უშეღავათო ბრძოლა ვიხილოთ. მონაკოს შემდეგ მათ მხოლოდ 4 ქულა აშორებს, რაც ძალიან ცოტაა. არადა, როსბერგს გასული ექვსიდან მხოლოდ ორი ეტაპი აქვს მოგებული, ჰამილტონის ანგარიშზე კი ოთხი გამარჯვებაა. თუმცა, გერმანელს უპირატესობა სტაბილურობის წყალობით აქვს.
რბოლას აკლდა დაძაბულობა. თუმცა არა ინციდენტები, რომელთა გამოც, ტრასაზე უსაფრთხოების ავტომობილი ორჯერ გამოვიდა. ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, სტარტი იყო, რომელზეც „მერსედსის“ პილოტებმა კი შეძლეს მიმდევრობის შენარჩუნება, მაგრამ მათ უკან გმირული გარღვევა შეასრულა კიმი რაიკონენმა, რომელმაც ჯერ პირველ მოსახვევამდე ერთბაშად ორი მეტოქე - ფერნანდო ალონსო და დანიელ რიკარდო ჩამოიტოვა, შემდეგ კი სებასტიან ფეტელიც ზედ მიაყოლა.
მაგრამ მოგვიანებით ინციდენტი შეემთხვა, რომელმაც ერთი ხელის მოსმით გაუფუჭა რბოლა. იმ დროს, როცა უსაფრთხოების მანქანა ტრასაზე მეორედ გამოვიდა (ადრიან სუტილის ავარიის გამო), ყველამ ბოქსებს მიაშურა, მათ შორის კიმიმაც. მაგრამ ტრასაზე დაბრუნებულს, მაქს ჩილტონი დაეჯახა და ფინალსაც ისევ ბოქსში შებრუნებამ მოუწია...
ინციდნტის გარეშე ვერც ჰამილტონი გადარჩა. ოღონდ, მას... როსბერგის მანქანის ბორბლიდან ასხლეტილი საბურავის ნამცეცი მარცხენა თვალში მოხვდა - როგორ არ გაუმართლა, რომ ამ ნამცეცმა ოდნავ აწეული ვიზორის მიღმა შეაღწია. მოკლედ, ჰამილტონს ბოლო 13 წრეზე გაუარესებული მხედველობის პირობებში მოუწია ასპარეზობამ, რის გამოც, მან როსბერგის დევნა ვეღარ გააგრძელა. უფრო მეტიც, მალე რიკარდო დაეწია და რომ არა მონაკოს ვიწრო ქუჩები, მისი შეტევების მოგერიება ძალიან გაუჭირდებოდა.
„ეს ჩემთვის კიდევ ერთი განსაკუთრებული დღეა. ლუისმა შესანიშნავად იასპარეზა და დაუზოგავად მიტევდა. მაგრამ ზეწოლას გავუძელი, მღელვარება დროზე მოვთოკე და ბოლოს ჰანდიკაპსაც მივაღწიე“, - ნარბოლევს განაცხადა როსბერგმა. „კარგი დღე გვქონდა, გუნდს კიდვ ერთი დუბლი მოვუტანთ. კარგი სიჩქარე მქონდა, მაგრამ მონაკოში გასწრება ძალიან ძნელია“, - განაცხადა ჰამილტონმა.
საბოლოოდ, რბოლა ისევ მესამეზე დაასრულა რიკარდომ, რომელმაც კარგა შორს ჩამოიტოვა ალონსო. მისგან განსხვავებით, ისევ არ გაუმართლა ფეტელს, რომელმაც „რედ ბულის“ მანქანით თავისი მე-100 რბოლის მხოლოდ რვა წრის გავლა მოახერხა. ფეტელს ჯერ კვალიფიკაციაზე შეექმნა პრობლემები, რბოლაში კი ზედმეტი სტოპი დასჭირდა - სიმძლავრის დეფიციტს უჩიოდა. მექანიკოსებმა შეძლეს მისი ტრასაზე დაბრუნება, მაგრამ ერთი წრეც არ გაუვლია, რომ რადთი თავისიანებს შესჩივლა, კოლოფის პირველი საფეხური დავკარგეო. მოკლედ, რბოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა.
უნდა ითქვას, რომ სტარტზე მდგარი 22 პილოტიდან ფინიშს მხოლოდ 14-მა მიაღწია. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ჟიულ ბიანკი იყო, რომელმაც „მარუსიას“, მისი არსებობის განმავლობაში, პირველი ორი ქულა შესძინა. მათ შორის კი, ვინც ფინიშს ვერ მიაღწია, პასტორ მალდონადოც იყო, რომელსაც ამჯერად ავარია არ მოსვლია. მაგრამ სტარტის აღებაც კი ვერ შეძლო - გასახურებელ წრეზევე გაჩერდა.

მონაკოს დიდი პრიზი
მონაკო, დისტანცია 260.520 კმ (78 წრე, 3.340 კმ)
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:49:27.661
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           +00:09.210
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            00:09.614
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    00:32.452
5. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1 წრე
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1 წრე
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1 წრე
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1 წრე
9. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                         1 წრე
10. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       1 წრე
11. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1 წრე
12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1 წრე
13. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1 წრე
14. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     2 წრე
გ. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                   17 წრე
გ. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     22 წრე
გ. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)              28 წრე
გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                      55 წრე
გ. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                      67 წრე
გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              72 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          78 წრე
გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      78 წრე

გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: კიმი რაიკონენი - 1:18.479, 75-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი - 122 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 118; 3. ფერნანდო ალონსო - 61; 4. დანიელ რიკარდო - 54; 5. ნიკო ჰულკენბერგი - 47; 6. სებასტიან ფეტელი - 45; 7. ვალტერი ბოტასი - 34; 8. ჯენსონ ბატონი - 31; 9. კევინ მაგნუსენი - 21; 10. სერხიო პერესი - 20; 11. ფელიპე მასა - 18; 12. კიმი რაიკონენი - 17; 13. რომენ გროჟანი - 8; 14. ჟან-ერიკ ვერნი - 4; 15. დანილ კვიატი - 4; 16. ჟიულ ბიანკი - 2;

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 240 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 99; 3. ფერარი - 78; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 67; 5. მაკლარენ-მერსედესი - 52; 6. უილიამსი-მერსედესი - 52; 7. ლოტუს-რენო - 8; 8. ტორო როსო-რენო - 8; 9. მარუსია-ფერარი - 2; 10. ზაუბერ-ფერარი - 0; 11. კატერჰემ-რენო - 0

No comments:

Post a Comment