Saturday, May 24, 2014

როსბერგმა საშინაო კვალიფიკაცია მოიგო

Motor racing-Rosberg takes Monaco pole for Mercedes
24 მაისი
ნიკო როსბერგმა, როგორც იქნა, შეძლო კვალიფიკაციაში თავის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონის დამარცხება, მაგრამ სესიის მიწურულს მომხდარი ინციდენტის გამო, სტიუარდებს ეჭვი გაუჩნდათ, გერმანელმა მრბოლმა შეგნებულად ხომ არ გაითამაშა მოსახვევ მირაბოში შეცდომის დაშვება, რის გამოც, ის იძულებული შეიქნა, უსაფრთხოების „ჯიბეში“ შეეხვია, ამას კი ტრასაზე ყვითელი შუქის ანთება და შესაბამისად, მანქანების შენელება მოჰყვა.
ჰამილტონს წინა ოთხი რბოლა აქვს მოგებული, თუმცა მონაკოში პოულზე არასდროს მდგარა და ორმაგად მონდომებული იყო, მაგრამ როსბერგის ინციდენტმა იმის შანსი წაართვა, რომ თანაგუნდელთან 0.059-წამიანი ჩამორჩენა აღმოეფხვრა. არადა, ტრასის პირველი სექტორი ყველაზე სწრაფად გაიარა, მერე კი ყვითელი შუქის გამო, სიჩქარის დაგდებამ მოუწია.  დახურულ პარკში მას როსბერგისთვის ხმაც არ გაუცია...
„მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ასე არ მოხდა და მიხარია, თუმცა ვწუხვარ ლუისის გამო, რადგან სწრაფი წრე გავუფუჭე. არც ვიცოდი, ტრასის რომელ მონაკვეთში იმყოფებოდა. მანქანა რომ მოვატრიალე, არ ვიცოდი, უკან ვინ მოდიოდა. რა თქმა უნდა, საუკეთესო გამარჯვება არაა, მაგრამ ასე მოხდა და ვერაფერს შევცვლი“, - განაცხადა როსბერგმა, ვინც მონაკოში შარშან პოულიდან მოიგო.
ჰამილტონი პრესკონფერენციაზე ნაძალადევი ღიმილით წარსდგა და განაცხადა, რომ მისი მეტოქის მიერ ამგვარად მოპოვებული გამარჯვება ღიმილის მომგვრელია. მოგვიანბით, ბიბისის კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ როსბერგი ასე გამიზნულად მოიქცა, მან უპასუხა - „შესაძლოა“.
მაგრამ „მერსედესის“ მოტორსპორტის დირექტორი ტოტო ვოლფი სხვაგვარად ფიქრობს: „არ მგონია, რომ ვინმე ასე გამიზნულად მოიქცეს. მას დამუხრუჭება დაუგვიანდა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ თანაგუნდელის დამარცხებას ცდილობდა. მერე კი ტრასიდან გასვლამ მოუწია. სულ ესაა, ვერაფერს დავამატებ. რა თქმა უნდა, კვალიფიკაციაში თანაგუნდელთან დამარცხება ძნელია, მაგრამ გავა ნახევარი სათი და დამშვიდდება“.
ფორმულა ერთის მოყვარულებს უთუოდ გაახსენდებოდათ მონაკოს 2006 წლის დიდი პრიზის კვალიფიკაცია, რომლის მიწურულსაც, მიხაელ შუმახერმა მოსახვევ რასკასში მსგავსი რამ გააკეთა. მაშინ მან შეგნებულად ჩახერგა ვიწრო მოსახვევი, რომლის გავლაც შეუძლებელი გახდა და ფერნანდო ალონსომ მისი ჯობნა ვეღარ შეძლო. მაგრამ ამ შემთხვევაში, როსბერგი მოსახვევში არ გაჩერებულა - მან მანქანა ტრასას მოარიდა, თუმცა სტუარდბმა ყვითელი შუქი მაინც აანთეს. და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც როსბერგმა თავისი „მერსედესი“ მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით გააჩერა.
სხვათა შორის, რამდენიმესაათიანი გარჩევის შემდეგ, შუმახერი სტარტზე ბოლო რიგში დააყენეს. რა მოხდება ამჯერად, ამას ცოტა ხანში გავიგებთ...

მონაკოს დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:15.989
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:16.048
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:16.384
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:16.547
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:16.686
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:17.389
7. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)              1:17.540
8. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:17.555
9. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                      1:18.090
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:18.327
- - - - - - - - - -
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:17.846
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:17.988
13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:18.082
14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:18.196
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:18.356
16. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       დროის გარეშე
- - - - - - - - - -
17. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:18.741
18. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1:18.745
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:19.332
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:19.928
21. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1:20.133
22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:21.732

P.S. სტიუარდებმა განიხილეს როსბერგის ინციდენტი და მასში წინასწარი განზრახვის ნიშნები ვერ დააფიქსირეს.

No comments:

Post a Comment