Sunday, May 18, 2014

პირველი „ფორდ მუსტანგის“ სკულპტურა შეზღუდული ტირაჟით

What Do You Think of This Limited Edition Ford Mustang Sculpture?
18 მაისი
„ფორდი“ აგრძელებს უახლესი „მუსტანგის“ აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას. სამგანზომილებიან პრინტერზე „გამომცხვარი“ მოდელები, ემპაიერის 86-ე სართულზე ასვლა და იქიდან ნიუ იორკთან მისალმება, ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალისას, ევროპაში შეკვეთების მიღების კამპანიის დაწყება და სხვა ბევრი უჩვეულო აქცია იმისთვის იგეგმება, რომ ჯერაც არგამოსული ავტომობილის ცნობადობა მთელს მსოფლიოში გაიზარდოს. მას ისედაც ყველგან იცნობენ, ამერიკის ერთ-ერთ სიმბოლოს უწოდებენ, მაგრამ ცისფერმა ოვალმა, თავისი „ცხენის“ ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს განსაკუთრებულად აღნიშვნა გადაწყვიტა.
მორიგი აქცია, რომელიც „ფორდმა“ დაგეგმა, პირველი „მუსტანგის“ ლითონის სტატუების დამზადებაა. ცისფერმა ოვალმა ბრიტანლ ხელოვან რობინ ბარკთან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც 1965 წლის „მუსტანგის“ 500 ცალი ეგზემპლარის დამზადებას ითვალისწინებს. ყოველ მოდელს ალუმინისგან ჩამოასხამენ, ხელით გააპრიალებენ და დანომრავენ, რის შემდგაც, ბარკი მათზე საკუთარ ხელმოწერას დატოვებს.
ბარკის საკოლექციო „მუსტანგებში“, ამ ავტომობილის ძირითადი თვისებები - ძალა და დინამიურობა იქნება შერწყმული. ამ ხელოვანმა სწორედ კლასიკური მანქანების და მოტოციკლების საკოლექციო მოდელების შექმნით გაითქვა სახელი. ამასთან, თავის შედევრებს ყოველთვის ალუმინისგან ამზადებს. საინტერესოა ისიც, რომ „მუსტანგი“ მის შემოქმედებაში პირველი ამერიკული ავტომობილია.
„იმ კლასიკური ავტომობილებისგან, რაც ადრე გამიკეთებია, „მუსტანგი“ უფრო მრავალფეროვანი ფორმებით გამოირჩევა. მე ვაკვირდები იმას, რასაც დიზაინერებმა მიაღწიეს, როცა მისი ფორმები გამოჰყავდათ. მინდა, რომ სტატიკურ ავტომობილში, მოძრაობის არსი ავსახო“, - ამბობს ბარკი, რომელმაც სკულპტურა ჯერ თიხისგან შექმნა, რომლისგანაც ფისოვან დუპლიკატებს ამზადებს. შემდგომში ხდება ამ დუპლიკატების გაპრიალება, რათა გამოჩნდეს, თუ როგორ ირეკლავს შუქს. შემდეგ მისგან ალუმინის ნამზადს აკეთებენ, რომლიდანაც საბოლოო მოდელი იქმნება. დასრულებულ „მუსტანგს“ სპეციალურ ხის ყუთში ჩადებენ.
ბარკის „მუსტანგის“ სიგრძე 180 მილიმეტრია და ის კილოგრამზე მეტს იწონის. ბარკის „მუსტანგების“ შეძენა, მისსავე ვებგვერდზე (robinbark-motorart.com) შეიძლება.

No comments:

Post a Comment